რომან დოლიძე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) სადებიუტო ბრძოლას ივლისში გამართავს - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
რომან დოლიძე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) სადებიუტო ბრძოლას ივლისში გამართავს - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან

რომან დოლიძის დებიუტი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე (UFC) 13 ივნისს, რუს ხადის იბრაგიმოვთან (8-2) იყო ჩანიშნული. „ქარდი“ ყაზახეთში უნდა შემდგარიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ორგანიზაციის გეგმები თავდაყირა დააყენა და UFC-ის არაერთი ბრძოლის გადადება მოუწია. ჩაიშალა ყაზახეთის ღონისძიებაც და შესაბამისად, დოლიძისა და იბრაგიმოვის ბრძოლაც. თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, ქართველი მებრძოლი სადებიუტო დაპირისპირებას UFC-ის ოქტაგონზე სულ მალე გამართავს. მეტოქე კვლავ 24 წლის ხადის იბრაგიმოვი იქნება, თუმცა შეხვედრა სხვა ლოკაციაზე, სხვა დროს შედგება.

რომან დოლიძე ამჟამად უკრაინაში იმყოფება და იქ ვარჯიშობს. საქართველოს პირველი არხი მას დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

როგორც ვიცით კარგი სიახლეები გაქვს. საბოლოოდ, როდის შედგება შენი დებიუტი UFC-ში და ვინ იქნება მეტოქე?

გუშინ ვესაუბრე ჩემს აგენტს, ალი აბდელ აზიზს სადებიუტო ბრძოლის თაობაზე. ბევრი დეტალი განვიხილეთ. დანამდვილებით ვიცი, რომ მეტოქე კვლავ რუსი ხადის იბრაგიმოვი იქნება, თუმცა შეიცვალა ბრძოლის ლოკაცია და თარიღი. დაზუსტებით ამჟამად ვერ გეტყვით ადგილს სადაც შედგება ბრძოლა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს UFC-ის ახალი პროექტი იქნება.

სად აპირებ ბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპის გავლას და რომელ გუნდთან ერთად ?

ამჟამად უკრაინაში განვაგრძობ ვარჯიშს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ჯერჯერობით არ შემიძლია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება. ძალიან რთულად არის ამ მხრივ საქმე, თუმცა მე ჩემს მენეჯერთან ერთად ვცდილობ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვახერხო შტატებში მოხვედრა და ბრძოლისთვის მზადების დაწყება. ვფიქრობ, რომ „ამერიკენ ტოპ თიმთან” (American Top Team) ერთად ვივარჯიშო. პირველადი მოლაპარაკებები სწორედ ამ გუნდთან მიმდინარეობს, თუმცა, შესაძლოა, არჩევანი სხვა დარბაზზეც შევაჩერო.

პანდემიის პირობებში როგორ ახერხებ ფორმის შენარჩუნებას ?

მიუხედავად შექმნილი სირთულეებისა, ვარჯიში არ შემიწყვეტია. ჩემს დარბაზში მუდმივად ვახერხებ წვრთნის ჩატარებას და ფორმის შენარჩუნებას. ყველას გვიწევს ახალ წესებთან შეგუება და გამონაკლისი არც მე ვარ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვიმყოფები. ბრძოლისთვის საბოლოო მოსამზადებელ ეტაპს კი როგორც უკვე გითხარით ამერიკაში გავივლი.

დანა ვაიტმა არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ორგანიზაცია საერთაშორისო ღონისძიებებს საბრძოლო კუნძულზე ჩაატარებს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რომან დოლიძისა და ხადის იბრაგიმობის ივლისში გასამართი დაპირისპირება სწორედ საბრძოლო კუნძულზე შედგება.