რომან ჭანტურია - ბათუმის დინამოში გადამწყვეტი გეგუჩაძის ფაქტორი და კარგი პირობები იყო
რომან ჭანტურია - ბათუმის დინამოში გადამწყვეტი გეგუჩაძის ფაქტორი და კარგი პირობები იყო

ბათუმის „დინამომ“ რომან ჭანტურია იტალიური „ემპოლიდან“ დაიმატა. 22 წლის თავდამსხმელის ტრანსფერზე საიჯარო შეთანხმებას მიღწეულია და რომანი ბათუმელთა რიგებში 2020 წლის ბოლომდე ჩაირიცხა.

ჭანტურიამ პირველ არხთან ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა და ახსნა, ბათუმის „დინამოში“ თამაში რატომ გადაწყვიტა.

„დიდი გავლენა ბათუმის „დინამოში“ არსებულმა მეგობრულმა ატმოსფერომ და ძალიან კარგმა პირობებმა ითამაშა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი გია გეგუჩაძის ფაქტორი იყო – მე მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში შვიდი მატჩი ვითამაშე, ხუთი გოლი გავიტანე და ასე რომ ვთქვათ, მის ხელში გამოვცოცხლდი“, – ამბობს პირველ არხთან ჭანტურია.

ახალგაზრდა თავდამსხმელმა იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ არ აეწყო კარიერა იტალიაში – „2017 წელს სერია A-ში „ემპოლის“ რიგებში ბოლო ხუთი თამაში უნდა მეთამაშა – ამაზე მწვრთნელთან შეთანხმებული ვიყავით. მაგრამ მუხლის ოპერაციამ ეს შანსი წამართვა. ყველა პრობლემა აქედან დაიწყო. ამ დროს შემოთავაზებები სერია ბ-ს გუნდებიდან მქონდა. რატომღაც უარი ვთქვი და პორტუგალიაში წავედი. ამის შემდეგ ყველაფერი ცუდად ამეწყო. იყო უიღბლობაც და ჩემი შეცდომებიც. იმედია, ბათუმის „დინამოში“ ისევ ავთამაშდები და დაკარგულს ავინაზღაურებ“.