რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ გაყიდვას არ აპირებს
რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ გაყიდვას არ აპირებს

ბრიტანულ პრესაში დიდი ხანია იწერება, რომ აბრამოვიჩი პრემიერლიგის ერთ-ერთი გრანდის, ლონდონის „ჩელსის“ გაყიდვას აპირებს.

მსგავს მოსაზრებებს რამდენიმე არგუმენტი ჰქონდა, მათ შორის ისიც, რომ დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციებით რომან აბრამოვიჩს არ შეუძლია, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში 6 თვეზე მეტხანს გაჩერდეს.

ამასთანავე, რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს „ჩელსის“ სტადიონს, რაც კოლოსალური თანხა – 1.2 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაჯდება.

იწერებოდა, რომ აბრამოვიჩთან კლუბის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ჯიმ რეტკლიფი (დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი მოქალაქე) და პეტრ კელნერი (ჩეხეთის უმდიდრესი ადამიანი).

ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილებოდა ახლოაღმოსავლური კონსორციუმის მიერ „ჩელსის“ შეძენის საკითხი. ბრიტანული პრესა კონკრეტულ თანხასაც ასახელებდა – 2.5 მილიარდ ფუნტ სტერლინგს. თუმცა, The Telegraph-ის ინფორმაციით, აბრამოვიჩმა კლუბის გაყიდვა გადაიფიქრა, რადგან „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგაზეც და პრემიერლიგაზეც შესანიშნავად ასპარეზობს.