„როლან გაროსის“ ყოფილმა ჩემპიონმა კარიერა დაასრულა
„როლან გაროსის“ ყოფილმა ჩემპიონმა კარიერა დაასრულა

38 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა ფრანჩესკა სკიავონემ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. თავისი გადაწყვეტილება მან აშშ-ის ღია პირველობის დროს გაასაჯაროვა.

„როცა 18 წლის ვიყავი, ვოცნებობდი ორ რამეზე: „როლან გაროსის“ მოგებაზე და მსოფლიო ჩოგბურთის საუკეთესო ათეულში მოხვედრაზე. 20-წლიანი პროფესიული კარიერის შემდეგ, სხვა ოცნებები გამიჩნდა“, – მოჰყავს სკიავონეს სიტყვები WTA-ს.

იტალიელმა ისიც განაცხადა, რომ სურს პროფესიულ დონეზე იმუშაოს მწვრთნელად.

სკიავონე „როლან გაროსის“ ჩემპიონი 2010 წელს გახდა, როდესაც ფინალში ავსტრალიელი სამანატა სტოსური დაამარცხა. იმავე პერიოდში, სკიავონემ კარიერაში პირველად შეაღწია მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათეულში. მან იტალიელ ქალ ჩოგბურთელებს შორის რეკორდიც დაამყარა, როცა მეექვსე საფეხურზე ავიდა. 2011 წლის იანვარში, სკიავონემ კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია – მეოთხე ადგილი WTA-ის რეიტინგში.