„როლან გაროსის“ თვითნებური გადატანის გამო საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციას პრობლემები შეექმნა
„როლან გაროსის“ თვითნებური გადატანის გამო საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციას პრობლემები შეექმნა

გერმანიის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დირკ ხორდორფმა კომენტარი „როლან გაროსსა“ და სხვა საჩოგბურთო ორგანიზაციებს შორის მიმდინარე კონფლიქტურ სიტუაციაზე გააკეთა. საქმე ეხება ფრანგული მხარის მიერ ტურნირის თვითნებურ გადატანას და ასევე საგრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბერნარ ჯუდიჩელის პიროვნებას.

„პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ“ (ATP) „როლან გაროსსა“ და საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციას განუცხადა, რომ თუ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას გააგრძელებენ, ასოციაცია ტურნირს სარეიტინგო ქულებს არ მისცემს. ეს შეიძლება მოხდეს არამარტო წელს, არამედ 2021 წლის „როლან გაროსზეც”.

„ჯუდიჩელი ძალიან ცუდად მოიქცა. მას ტურნირის თვითნებურ გადადებამდე სატელეფონო პრესკონფერენცია ასოციაციის უფროსობასთან ქონდა. მას ყველა ეუბნებოდა, რომ ასე არ შეიძლებოდა, ერთობლივი მუშაობით ისინი იპოვიდნენ გამოსავალს და ჩატარების თარიღსაც დაასახელებდნენ. ჯუდიჩელიმ კი შუა საუბარში დააჭირა ღილაკს და გადადებასთან დაკავშირებული პრეს-რელიზი გამოაქვეყნა, რის გამოც „ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის“ (WTA) ხელმძღვანელმა სტივ საიმონმა მას ყვირილი დაუწყო. ასე მუშაობა არ შეიძლება. კოლეგების პატივისცემა ყველამ უნდა იცოდეს. მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებ. არ უნდა იყო ეგოისტი და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე არ უნდა ფიქრობდე“ – განაცხადა გერმანიის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დირკ ხორდორფმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ოფიციალურ „ტვიტერზე“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურნირი შემოდგომაზე გაიმართება. ის 20 სექტემბერს დაიწყება და 4 ოქტომბერს დასრულდება.