როლან გაროსის ფინალში ნადალი ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება
როლან გაროსის ფინალში ნადალი ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება

საფრანგეთში მიმდინარე როლან გაროსის ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ. ამ გათამაშების 12 გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი დიდი სლემის მე-20 ტურნირის მოსაგებად ფინალში რეიტინგის პირველ ნომერს და დიდი სლემის ტურნირების 17-გზის გამარჯვებულს ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.

ესპანელმა ნახევარფინალში არგენტინელი დიეგო შვარცმანი ადვილად, სამ სეტში ანგარიშით 6:3 6:3 7:6 დაამარცხა. სერბ ჩოგბურთელს კი ნახევარფინალში დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა. ჯოკოვიჩმა ბერძენ სტეფანოს ციციპასთან პირველ ორ სეტში გამარჯვების შემდეგ ყველასთვის მოულოდნელად ორი სეტი დათმო და ფინალური საგზურის მოპოვება მეხუთე სეტშიღა შეძლო. მატჩის ანგარიშია 6:3 6:2 5:7 4:6 6:1.

რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი აქამდე ერთმანეთს 55-ჯერ დაუპირისპირდნენ. ანგარიში კი სერბის სასარგებლოდაა – 29-26. მეტოქეები სხვადახვა ფინალში ერთმანეთს 26 ჯერ შეხვდნენ და აქაც უპირატესობა ნოვაკს აქვს – 15-11. დიდი სლემის ტურნირების ფინალებში კი ნადალი 9-6 უგებს ჯოკოვიჩს. როლან გაროსზე ისინი ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ და სერბმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა გამარჯვება.

დატოვე კომენტარი