როლან გაროსის ფინალში ჰალეპი და სტივენსი ითამაშებენ
როლან გაროსის ფინალში ჰალეპი და სტივენსი ითამაშებენ

როლან გაროსის მორიგ სათამაშო დღეს, ქალების ტურნირზე ფინალისტთა ვინაობა ირკვეოდა. დიდ ინტერესს იწვევდა მსოფლიოს პირველი ჩოგანის, რუმინელი სიმონა ჰალეპისა და ესპანელი გარბინ მუგურუსას შეხვედრა. გარდა იმისა, რომ თამაშდებოდა ფინალის საგზური, ეს იყო მატჩი რეიტინგში ლიდერობისთვის.

უგურუსა ფავორიტად მიიჩნეოდა. ესპანელმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა წინა ეტაპზე მარია შარაპოვას წინააღმდეგ, ჰალეპს კი ანჟელიკ კერბერის დამარცხება გაუჭირდა.
მიუხედავად ამისა, პირველი სეტი რუმინელმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მუგურუსა კატასტროფულად გამოიყურებოდა საკუთარ მოწოდებაზე და ყველა თავისი გეიმი დათმო. ესპანელი მეორე სეტში მოვიდა გონს და 4:2 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ ჩააგდო პარტიის მეორე ნაწილი: ზედიზედ ოთხი გეიმი და მასთან ერთად, მატჩი წააგო – 1:6, 4:6.
ჰალეპი ბოლო ხუთ წელიწადში მესამედ გავიდა როლან გაროსის ფინალში, მაგრამ ტიტული ჯერ არ მოუპოვებია.

რუმინელის მეტოქე ამერიკულ ნახევარფინალში ირკვეოდა, რომელშიც სლოან სტივენსი და მედისონ კისი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ეს ჩოგბურთელების შარშან, აშშ-ის ღიას ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ სტივენსმა მოიგო. პარიზში რევანში არ შედგა და სლოანმა 75 წუთში ძალიან იოლად მოუგო თანამემამულეს.

პირველ სეტში კისს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია, სტივენსმა კი ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება. მეორეში სეტში მან 5:2 წაიყვანა ანგარიში და, მართალია, პირველ ჯერზე მატჩზე ვერ ჩააწოდა, სამაგიეროდ, მეორე ცდაზე მოახერხა ეს და 6:4, 6:4 გაიმარჯვა.

სტივენსისა და ჰალეპის ურთიერთშეხვედრებში რუმინელი 5:2-ს იგებს. სიმონას ნებისმიერ შემთხვევაში შენარჩუნებული აქვს რეიტინგში პირველი ადგილი, სტივენსი კი ფინალის მოგების შემთხვევაში, კარიერაში პირველად გახდება მეოთხე ჩოგანი.