როლან გაროსის ცენტრალური მატჩი მუგურუსამ მოიგო
როლან გაროსის ცენტრალური მატჩი მუგურუსამ მოიგო

დღის ცენტრალურ მატჩში, მსოფლიოს მესამე ჩოგანი გარბინ მუგურუსა რუს სვეტლანა კუზნეცოვას ხვდებოდა. ზედიზედ მეორე წელია, ესპანელს პირველ რაუნდში ტურნირის ყოფილ ჩემპიონთან უწევს თამაში.

შარშან, საწყის წრეში მუგურუსამ 2010 წლის ჩემპიონი, იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე დაამარცხა, რაც პრობლემა არ ყოფილა ანგარიშიდან გამომდინარე (6:2, 6:4). ამჯერად კი მუგურუსას უფრო მეტი შრომა დასჭირდა კუზნეცოვას დასამარცხებლად, თუმცა, ინიციატივა ხელიდან არც ერთხელ არ გაუშვია.

პირველ სეტში ესპანელი ორჯერ იგებდა ბრეიკით და კუზნეცოვამ ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში, ტაი-ბრეიკზე კი რეიტინგის მესამე ნომერმა “მშრალი” ანგარიშით მოიგო. მეორე სეტში პირენეელს ცხრა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება – 7:6(0), 6:2.

მეორე წრეში მუგურუსა მსოფლიოს 257-ე ჩოგანს, ფრანგ ფიონა ფეროს შეხვდება.