როლან გაროსი 2022 - ქალთა ტურნირს მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა #1TVSPORT
როლან გაროსი 2022 - ქალთა ტურნირს მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა #1TVSPORT

კიდევ ერთი სენსაცია მოხდა როლან გაროსის ქალთა ტურნირზე. პირველივე წრიდან ბრძოლას გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი, ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა. მან ნაკლებად ცნობილ ფრანგ დიან პარისთან (მსოფლიოს 97-ე ნომერი) სამ სეტში წააგო – 6:1, 2:6, 3:6.

19 წლის მასპინძელი ჩოგბურთელისთვის ეს იყო კარიერაში პირველი მოგება TOP50-ში შემავალი ჩოგბურთელის წინააღმდეგ. არადა, კრეიჩიკოვა თითქოს იოლი გამარჯვებისკენ მიდიოდა – 6:1, 2:0 იყო დაწინაურებული, მაგრამ იუნიორებში მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა პარიმ შეძლო თამაშის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება.

კრეიჩიკოვას მარცხის გამართლება იმით შეიძლება, რომ მან ტრავმით გამოწვეული სამთვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.

კრეიჩიკოვა ქალთა ტურნირზე TOP10-ის მესამე წარმომადგენელია, ვინც როლან გაროსს გამოეთიშა. მანამდე პირველ წრეში წააგეს საკუთარი მატჩები ტუნისელმა ონს ჟაბორმა და ესპანელმა გარბინე მუგურუსამ.