როლან გაროსი 2020, XI დღე - ჯოკოვიჩმა პირველი სეტი წააგო, მაგრამ ნახევარფინალში გავიდა
როლან გაროსი 2020, XI დღე - ჯოკოვიჩმა პირველი სეტი წააგო, მაგრამ ნახევარფინალში გავიდა

როლან გაროსის მამაკაცთა ტურნირზე ნახევარფინალის ბოლო საგზური მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიპოვა. მას დიდი ბრძოლა დასჭირდა ესპანელ პაბლო კარენიო ბუსტასთან. ეს ის ჩოგბურთელია, რომელსაც ჯოკოვიჩი აშშ-ის ღიაზე შეხვდა და სწორედ მათ მატჩში მიიღო დისკვალიფიკაცია სერბმა მსაჯისთვის ბურთის გარტყმის გამო. ეს ერთადერთი მარცხია ამ სეზონში ნოვაკისთვის.

კარენიო ბუსტა ასევე პირველი გახდა, ვინც ამ ტურნირზე სეტი მოუგო ჯოკოვიჩს. მეორე სეტში ჩოგბურთელებს სამ-სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, მაგრამ შანსების გამოყენება მხოლოდ ჯოკოვიჩმა შეძლო. იგივე სიტუაცია იყო მესამე პარტიაში – სამ-სამი გამომუშავებული ბრეიკ-პოინტი და ჯოკოვიჩის ერთით მეტი ბრეიკი.

მეოთხე სეტში სერბის უპირატესობა უკვე აშკარა იყო. კარენიო ბუსტამ ბოლოს გაიბრძოლა, მერვე გეიმში უკუბრეიკის სამი შანსი მიიღო, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა და შემდეგ ჯოკოვიჩმა მატჩზე ჩააწოდა.

მეტოქეებს 13-13 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ნოვაკმა ექვსი ბრეიკი შეასრულა, კარენიო ბუსტამ – სამი.

ნოვაკი მეათედ ითამაშებს როლან გაროსის ნახევარფინალში, სადაც მისი მეტოქე ციციპასი იქნება.

ნახევარფინალური წყვილები:

ნოვაკ ჯოკოვიჩი – სტეფანოს ციციპასი

რაფაელ ნადალი – დიეგო შვარცმანი