როლან გაროსი 2020, X დღე - მსოფლიოს 131-ე ნომერი ნახევარფინალში გავიდა
როლან გაროსი 2020, X დღე - მსოფლიოს 131-ე ნომერი ნახევარფინალში გავიდა

როლან გაროსის ქალთა ტურნირის სენაციური ნახევარფინალისტი გახდა არგენტინელი ნადია პოდოროსკა, რომელიც მსოფლიოს 131 ჩოგანია. მან მეოთხედფინალში მესამე ნომრად განთესილი უკრაინელი ელინა სვიტოლინა ორ სეტში – 6:2, 6:4 დაამარცხა.

არგენტინელმა ახალი ისტორია დაწერა – ის არის კვალიფიკაცია გამოვლილი პირველი ჩოგბურთელი როლან გაროსის ისტორიაში, ვინც ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. არადა, პოდოროსკას აქამდე არც ერთი მატჩი არ ჰქონდა მოგებული “დიდი სლემის” ტურნირების ძირითად ბადეში.

სვიტოლინას მარცხის მთავარი მიზეზი კატასტროფული თამაში იყო საკუთარ მოწოდებაზე – მთელი მატჩის განმავლობაში, უკრაინელმა მხოლოდ ერთი თავისი გეიმი მოიგო, ჯამში კი რვა ბრეიკის საშუალება მისცა მეტოქეს. ელინამ პირველი მოწოდებით ქულების 33 პროცენტი აიღო (36-დან 12 გათამაშება მოიგო), მეორეთი – 40 (8/20). სხვათა შორის, თავის მოწოდებაზე არც პოდოროსკა იყო დამაჯერებელი – მან ხუთი საკუთარი გეიმი წააგო. მეორე სეტის სტარტზე ჩოგბურთელებმა თითო საკუთარი გეიმი მოიგეს და ამის შემდეგ, ყველა გეიმში ბრეიკი დაფიქსირდა.

სვიტოლინამ მხოლოდ რვა „ვინერსი” დააგროვა და 22 უნებლიე შეცდომა დაუშვა. პოდოროსკას უფრო მეტი შეცდომა (30) ჰქონდა, მაგრამ, ამასთან, 30 „ვინერსი“ მიითვალა.

„დიდი სლემის“ ტურნირების ისტორიაში მხოლოდ ორი შემთხვევა ყოფილა, როცა კვალიფიკაციის გავლის შემდეგ, ჩოგბურთელმა ნახევარფინალამდე მიაღწია: 1978 წელს, ავსტრალიის ღიაზე ეს გააკეთა კრისტინ დორიმ, 1999 წელს, უიმბლდონზე – ალექსანდრა სტივენსონმა. სხვათა შორის, ორივემ წააგო ნახევარფინალი.