როლან გაროსი 2020, IX დღე - ჯოკოვიჩმა ისევ სამ სეტში მოიგო
როლან გაროსი 2020, IX დღე - ჯოკოვიჩმა ისევ სამ სეტში მოიგო

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ყველაზე რთული მატჩი ჩაატარა მიმდინარე როლან გაროსზე, მაგრამ მაინც სამ სეტში მოუგო რუს კარენ ხაჩანოვს და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩი 2 საათი და 26 წუთი გაგრძელდა – 6:4, 6:3, 6:3. სერბი ზედიზედ მეთერთმეტედ ითამაშებს პარიზში მეოთხედფინალურ ეტაპზე.

ჯოკოვიჩი სამივე სეტში პირველი აკეთებდა ბრეიკს. პირველ და მესამე სეტებში ხაჩანოვმა შეძლო პასუხის გაცემა და ანგარიშის გათანაბრება, თუმცა, შემდეგ ნოვაკი ისევ იღებდა მეტოქის მოწოდებას და სეტს. ხაჩანოვს მეორე სეტშიც შეეძლო უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ მეშვიდე გეიმში ოთხი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. რუსს ჯამში ცხრა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ორი გამოიყენა, ჯოკოვიჩმა 15 ბრეიკ-პოინტიდან ექვსის რეალიზება შეძლო. სერბს 44 “ვინერსი” ჰქონდა და მხოლოდ 28 უნებლიე შეცდომა.

მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი ალტმაიერსა და კარენიო ბუსტას შორის მოგებულს შეხვდება.

დატოვე კომენტარი