როლან გაროსი 2020, IV დღე - ნადალმა მეორე წრეში მხოლოდ ოთხი გეიმი დათმო
როლან გაროსი 2020, IV დღე - ნადალმა მეორე წრეში მხოლოდ ოთხი გეიმი დათმო

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა საათსა და 40 წუთში მოიპოვა მესამე წრეში თამაშის უფლება. მან მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო კლასიფიკაციის 236-ე ნომერს მაკენზი მაკდონალდს – 6:1, 6:0, 6:3. ეს იყო ნადალის 95-ე მოგება როლან გაროსზე 97 მატჩში.

მატჩის სტარტზე ჩოგბურთელებმა გეიმები გაცვალეს და 1:1-ზე ნადალმა ზედიზედ 11 გეიმის აღება შეძლო. ბრძოლა მატჩში თითქმის არ ყოფილა. რაფამ რვიდან შვიდი ბრეიკი გამოიყენა და მეტოქე ერთხელაც არ მიუშვა ბრეიკ-პოინტამდე. ესპანელი იშვიათად ცდებოდა – მხოლოდ 15 უნებლიე შეცდომა ჰქონდა და აქედან ოთხი იყო ორმაგი შეცდომა.

ნადალისთვის ეს იყო მე-12 მატჩი როლან გაროსზე, როცა მან მეტოქეს ოთხი ან ნაკლები გეიმი დაუთმო.