როლან გაროსი 2020, III დღე - ბასილაშვილმა როლან გაროსზე გამოსვლა დაასრულა
როლან გაროსი 2020, III დღე - ბასილაშვილმა როლან გაროსზე გამოსვლა დაასრულა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა როლან გაროსზე. მსოფლიოს 33-ე ჩოგანი სამ სეტში დამარცხდა ბრაზილიელ ტიაგო მონტეირუსთან, რომელიც კლასიფიკაციის 84-ე ნომერია.

პირველი სეტის რვა გეიმმა ისე ჩაიარა, რომ მეტოქეები საკუთარ გეიმებში ერთმანეთს შანსს არ აძლევდნენ – ერთხელაც კი არ მივიდა საქმე არა თუ „თანაბარ“ ანგარიშამდე, არამედ 40:30-მდე. რეალური ბრძოლა მეცხრე გეიმიდან დაიწყო და ბასილაშვილი ძალიან მიუახლოვდა სეტის მოგებას – მეათე გეიმში მან პირველი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, რომელიც სეტბოლიც იყო, მაგრამ ქართველმა შანსი ხელიდან გაუშვა, მომდევნო გეიმში კი მონტეირუმ ბრეიკი შეასრულა და სეტზე ჩააწოდა.

მეორე სეტიც დაახლოებით პირველის სცენარით წარიმართა – ბასილაშვილმა პირველმა მიიღო ბრეიკის შესრულების რეალური შანსი, როცა მეექვსე გეიმში ერთაბაშად ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ისევ ვერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. სამაგიეროდ, ბრაზილიელმა მეცხრე გეიმში მატჩში მეორე ბრეიკი აიღო და შემდეგ სეტზე ჩაწოდება მოახერხა.

გაშვებული შანსების შემდეგ, ბასილაშვილი, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად გატყდა და მესამე სეტის სტარტზევე დათმო საკუთარი მოწოდება. ქართველმა ერთხელ გაიბრძოლა და კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ისევ ვერ გამოიყენა შანსი. იქვე მონტეირუმ კიდევ ერთხელ აიღო მოწინააღმდეგის მოწოდება და ამით მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო – 7:5, 6:4, 6:2 ორი საათი და შვიდი წუთი ბრძოლის შემდეგ.

სტატისტიკის მიხედვით, მონტეირუ აშკარად ჯობდა ბასილაშვილს. ბრაზილიელმა ექვსი ეისი ჩააწოდა და არც ერთი უნებლიე შეცდომა არ ჰქონია, პირველი მოწოდებით ქულების 78 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 71, 27 „ვინერსი“ დააგროვა და მხოლოდ 15-ჯერ შეცდა, რვა ბრეიკ-პოინტიდან კი ოთხი გამოიყენა. ბასილაშვილს არც ერთი ეისი არ ჩაუწოდებია, ორჯერ დაუშვა ორმაგი შეცდომა, სულ კი ძალიან ბევრი – 38 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. 54 პროცენტი იყო პირველი მოწოდების სიზუსტე. ნიკამ ექვსი ბრეიკ-პოინტიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

ეს იყო ბასილაშვილის ზედიზედ მეშვიდე მარცხი პროფესიულ ტურში. ქართველი მეექვსედ თამაშობდა როლან გაროსზე და მეხუთედ ვერ შეძლო პირველი წრიდან გასვლა.

დატოვე კომენტარი