როლან გაროსი 2020, II დღე - სერენამ ორსეტიანი მოგებით დაიწყო
როლან გაროსი 2020, II დღე - სერენამ ორსეტიანი მოგებით დაიწყო

როლან გაროსის ქალთა ტურნირზე პირველი ბარიერი გადალახა „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონმა სერენა უილიამსმა. ამერიკელი თანამემამულე კრისტი ანს ხვდებოდა.

საინტერესოა, რომ ეს ჩოგბურთელები ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ღიას პირველ წრეშიც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ სერენამ 7:5, 6:3 მოიგო. უილიამსმა ახლაც ორ სეტში იმარჯვა – 7:6(2), 6:0, თუმცა, პირველ პარტიაში ახლოს იყო მარცხთან.

საწყის სეტში უილიამსმა კარგა ხანი ვერ დაალაგა თამაში, ჯამში 28 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ორჯერ ჩამორჩა ბრეიკით და მისი მეტოქე 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ სერენამ შეძლო პარტიის ტაი-ბრეიკზე გადაყვანა და იქ უკვე დიდ უპირატესობას ფლობდა. მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ეს ინიციატივა მეორე სეტში გადაყვა, რომელშიც ანმა ვერც ერთი გეიმი ვერ აიღო.

უილიამსს 26 „ვინერსი“ და 36 შეცდომა ჰქონდა, 14-დან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 11 ეისი ჩააწოდა. მის მეტოქეს რვიდან ექვსი გამოუყენებელი ბრეკი-პოინტი ჰქონდა.

სერენას შემდეგი მოწინააღმდეგე ბულგარელი ცვეტანა პირონკოვა იქნება, რომელსაც ასევე შეხვდა აშშ-ის ღიაზე. ეს მოხდა მეოთხედფინალში. მაშინ პირონკოვამ მოიგო პირველი სეტი, მაგრამ სამ სეტში დათმო მატჩი.