როლან გაროსი 2019 - ქალთა ფინალში ბარტი და ვონდროუშოვა ითამაშებენ
როლან გაროსი 2019 - ქალთა ფინალში ბარტი და ვონდროუშოვა ითამაშებენ

„როლან გაროსის“ ქალთა ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ. ორივე ნახევარფინალმა ძალიან დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში ჩაიარა. განსაკუთრებით ეს ითქმის ავსტრალიელი ეშლი ბარტისა და ამერიკელი ამანდა ანისიმოვას შეხვედრაზე.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოვიდა პირველი სეტი, რომელიც ბარტიმ ძალიან კარგად დაიწყო – პირველი 17 ქულიდან 16 აიღო და „მშრალი“ ანგარიშით მოგებას მიუახლოვდა – 5:0, 40:15 იყო დაწინაურებული. მაგრამ ანისიმოვამ ორივე სეტბოლი მოიგერია, ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო, მაგრამ 6:5-ზე პარტიაზე ვერ ჩააწოდა.

დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელშიც ანისიმოვას ისევ დასჭირდა ქამბექი – 2:4 ჩამორჩა და ამის შემდეგ, ზედიზედ 16 (!) გათამაშება აიღო. შესაბამისად, მან მოიგო პირველი სეტი და მეორეში 3:0 დაწინაურდა. და თამაშის სურათი ისევ შეიცვალა. ახლა უკვე ბარტიმ მოიგო ზედიზედ ექვსი გეიმი და სეტებში ანგარიში გაათანაბარა.

საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება, რომელიც უკეთ ანისიმოვამ დაიწყო – ის ბრეიკით გავიდა წინ, მაგრამ ამას ბარტის მხრიდან ოთხი გეიმის მოგება მოჰყვა. ავსტრალიელს ერთი გეიმის აღება სჭირდებოდა ფინალში გასასვლელად, მაგრამ ამერიკელმა ძალიან გააწვალა მეტოქე – ხუთი მატჩბოლი მოიგერია და მხოლოდ მეექვსე ცდაზე შეძლო მოგება ბარტიმ.

ავსტრალიელის მეტოქე ფინალში 19 წლის ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვა იქნება. ნახევარფინალში მან 7:5, 7:6(2) მოუგო ბრიტანელ იოჰანა კონტას. საინტერესოა, რომ ორივე სეტში კონტა ბრეიკით იგებდა და ორივეჯერ პარტიაზე აწვდიდა, მაგრამ მისი მეტოქე გამოძვრა რთული სიტუაციიდან. შეხვედრა საათი და 47 წუთი გრძელდებოდა.

ქალთა ფინალი შაბათს გაიმართება.