როლან გაროსი 2019 - ნოვაკ ჯოკოვიჩი ნახევარფინალში დომინიკ ტიმს შეხვდება
როლან გაროსი 2019 - ნოვაკ ჯოკოვიჩი ნახევარფინალში დომინიკ ტიმს შეხვდება

„როლან გაროსის“ მამაკაცთა ტურნირის ბოლო ნახევარფინალისტი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. მისი საუკეთესო ოთხეულში გასვლით უნიკალური სიტუაცია შეიქმნა – განსხვავებით ქალების ტურნირისგან, სადაც ნახევარფინალისტებს შორის ყველაზე მაღალი განთესვის ნომერი მერვეა, მამაკაცებში ბოლოსწინა ეტაპზე რეიტინგის პირველმა ოთხმა ნომერმა გააღწია: პირველი ჩოგანი ჯოკოვიჩი მეოთხე ნომერ ტიმს შეხვდება, მეორე ნომერი რაფაელ ნადალი კი მესამე – როჯერ ფედერერს.

ჯოკოვიჩი კვლავაც რჩება ერთადერთ ჩოგბურთელად მამაკაცების ტურნირზე, რომელსაც სეტი არ წაუგია, არადა სერბი მეოთხედფინალში ძალიან ახლოს იყო პირველი პარტიის წაგებასთან გერმანელი ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ.

ჯოკოვიჩი მძიმედ შევიდა თამაშში და ძალიან უჭირდა საკუთარი გეიმების შენარჩუნება. ზვერევმა სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მეცხრე გეიმში მეოთხე შანსი ხელიდან არ გაუშვა და სეტზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა. ჯოკოვიჩმა, რომელსაც მანამდე მიღებაზე ბევრი არაფერი გამოსდიოდა, მომდევნო გეიმში უკუბრეიკის შესრულება მოახერხა და ამის შემდეგ ზვერევის თამაში კარგა ხნით მოიშალა.

გერმანელმა გონს მოსვლა მხოლოდ მესამე სეტში შეძლო, მაგრამ ვერ შეძლო ოთხი ბრეიკ-პოინტის გამოყენება, ჯოკოვიჩმა კი თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა და ორ საათსა და 12 წუთში მოიგო – 7:5, 6:2, 6:2.

ზვერევს კატასტროფული მაჩვენებელი ჰქონდა რამდენიმე სტატისტიკურ კომპონენტში – რვა ორმაგი შეცდომა, მხოლოდ ცხრა მოგებული ქულა მეორე მოწოდებაზე და 40 უნებლიე შეცდომა. ასეთი სტატისტიკით ჯოკოვიჩის დამარცხება შეუძლებელია.

ახლა, სერბს წინ აქვს ნახევარფინალი დომინიკ ტიმის წინააღმდეგ, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 6:2-ს უგებს. ტიმმა ორივე მატჩი ნოვაკს გრუნტზე მოუგო, აქედან ერთი როლან გაროსზე. ბოლოს ისინი ცოტა ხნის წინ, მადრიდის „მასტერსის“ ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ჯოკოვიჩმა ორ სეტში მოიგო – 7:6(2), 7:6(4).