როლან გაროსი 2019 - ნადალი და ფედერერი ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს
როლან გაროსი 2019 - ნადალი და ფედერერი ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს

როლან გაროსის მამაკაცთა ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი გახდა. ესპანელმა უშანსოდ დატოვა იაპონელი კეი ნიშიკორი – 6:1, 6:1, 6:3. შეხვედრა საათი და 53 წუთი გაგრძელდა.

ნადალმა პირველ სეტში ორი ბრეიკი შეასრულა, მეორეში მეტოქის ყველა მოწოდება აიღო, თუმცა ერთხელ საკუთარი გეიმიც წააგო. მესამე პარტიაში მან ერთადერთი ბრეიკი იკმარა. ესპანელმა ჯამში 11 ბრეიკ-პოინტიდან შვიდი გამოიყენა, ნიშიკორიმ – ხუთიდან ერთი.

რაფაელ ნადალი მეთორმეტედ ითამაშებს როლან გაროსის ნახევარფინალში. ესპანელს ეს ტურნირი 11-ჯერ აქვს მოგებული.

ესპანელი ნახევარფინალში შვეიცარიელ როჯერ ფედერერს შეხვდება. მას გაცილებით რთული მატჩის გადატანა მოუწია თანამემამულე სტენ ვავრინკას წინააღმდეგ. სამი საათი და 40 წუთი ბრძოლის შემდეგ, როჯერმა 7:6(4), 4:6, 7:6(5), 6:4 მოიგო. ეს იყო მისი პირველი წაგებული სეტი ტურნირზე.

ფედერერს გაცილებით იოლად შეეძლო მოგება, მაგრამ 18-დან 16 ბრეიკ-პოინტი „გაანიავა“. როჯერსს ერთი კრიტიკული მომენტიც ჰქონდა, როცა მეორე სეტი წააგო და მესამეში ბრეიკით ჩამორჩა, მაგრამ მალე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და შემდეგ ტაი-ბრეიკი მოიგო. მეოთხე სეტში მან ერთადერთი ბრეიკი შეასრულა და ნახევარფინალში გავიდა – პირველად 2012 წლის შემდეგ.

ნადალი და ფედერერი ოცდამეცხრამეტედ შეხვდებიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში. მათ შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიშია – 23:15 ესპანელის სასარგებლოდ.