როჯერ ფედერერმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
როჯერ ფედერერმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. ლეივერის თასი, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, ბოლო ტურნირი იქნება 41 წლის ჩოგბურთელისთვის.

„როგორც ბევრმა თქვენთაგანმა იცის, ბოლო სამი წელი პრობლემები მქონდა ტრავმებისა და ოპერაციების სახით. ბევრს ვმუშაობდი, რათა დამებრუნებინა სრული სპორტული ფორმა. მაგრამ ასევე ვიცი ჩემი შესაძლებლობები და ჩემი სხეულის ზღვარი. მე 41 წლის ვარ.

24 წლის განმავლობაში 1500 მატჩზე მეტი ჩავატარე. ჩოგბურთი ჩემს მიმართ გულუხვი აღმოჩნდა, რაზეც ვერასოდეს ვიოცნებებდი და ახლა მივხვდი, რომ კარიერის დასრულების დროა.

მომდევნო კვირას, ლონდონში ლეივერის თასი ბოლო ტურნირი იქნება ჩემთვის ATP-ის რანგში. რა თქმა უნდა, ჩოგბურთს მომავალშიც ვითამაშებ, მაგრამ არა „დიდი სლემის“ ტურნირებზე ან პროფესიულ ტურში“, – დაწერა თავის სოციალურ ქსელში ფედერერმა.

„დიდ სლემზე“ ფედერერს 20 ტიტული აქვს მოგებული – ექვსჯერ ავსტრალიის ღია, რვაჯერ უიმბლდონი, ხუთჯერ აშშ-ის ღია და ერთხელ – როლან გაროსი.

სულ შვეიცარიელის კოლექციაშია 103 ტიტული ერთეულებში და რვა – წყვილებში. სწორედ წყვილებში აქვს მას მოგებული ერთადერთი ოლიმპიური ოქრო.