როჯერ ფედერერმა კარიერაში მე-100 ტიტული მოიგო
როჯერ ფედერერმა კარიერაში მე-100 ტიტული მოიგო

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა დუბაიში „ეი-ტი-პი 500“-ის (ATP500) კატეგორიის ტურნირი მოიგო, რითაც კარიერაში საიუბილეო მე-100 ტიტულს დაეუფლა. ფინალში ლეგენდამ ბერძენი სტეფანოს ციციპასი ორ სეტში, ანგარიშით – 6:4, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათი და ცხრა წუთი გაგრძელდა. ეს წელს, იანვარში ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში წაგების გამო, ფედერერის რევანში იყო.

ჩოგბურთელებმა ორ-ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავეს. ფედერერმა ორივეს გამოყენება შეძლო, ციციპასმა – ვერც ერთის.

დუბაიში ტრიუმფის შემდეგ, შვეიცარიელი რეიტინგში სამ ადგილს მოიგებს და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი გახდება. რაც შეეხება ციციპასს, ის კარიერაში პირველად მოხვდება კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში.
როჯერ ფედერერი მეორე ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც კარიერაში 100 ტიტული დააგროვა. პირველი ამერიკელი ჯიმი კონორსი იყო, რომელმაც კარიერა 109 ტიტულით დაასრულა.

ფედერერის ყველა ტიტული:
„დიდი სლემის“ ტურნირები – 20
ATP-ის შემაჯამებელი ჩემპიონატი – 6
„მასტერსი“ – 27
ATP500-ის ტურნირი – 22
ATP250-ის ტურნირი – 25