როჯერ ფედერერი 8 მარტს, დოჰას ტურნირზე დაბრუნდება
როჯერ ფედერერი 8 მარტს, დოჰას ტურნირზე დაბრუნდება

როჯერ ფედერერმა დაადასტურა, რომ ის შემდეგ თვეში დოჰას ტურნირზე დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელ ჩოგბურთელს მუხლზე ჩატარებული ორი ოპერაციის გამო 1 წლის გამოტოვება მოუწია.

ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობას,  რომელიც 8 თებერვალს აიღებს სტარტს, გამოტოვებს. 23 წლის განმავლობაში ეს პირველად მოხდება, რაზეც მან აღნიშნა, რომ მოსამზადებლად უფრო მეტი დრო სჭირდებოდა.

„მე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი სად და როდის დავბრუნებულიყავი. ჩემი მუხლის გამო ავსტრალიის ღიაზე დაბრუნება ნაადრევი იქნებოდა. ძალიან საწყენია, რადგან ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ტურნირია“, – აღნიშნა ფედერერმა SRF-თან ინტრვიუში.

მელბურნის ნაცვლად როჯერი დოჰას ტურნირზე დაბრუნდება, რომელიც 8 მარტს დაიწყება. ფედერერმა ამ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა:

„მინდოდა დავბრუნებულიყავი შედარებით უფრო პატარა ტურნირზე, რადგან არ ვყოფილიყავი ყურადღების ცენტრში, სადაც სტრესი შედარებით უფრო ნაკლები იქნებოდა.“