როჯერ ფედერერი 2020 წელს თამაშს არ გამორიცხავს
როჯერ ფედერერი 2020 წელს თამაშს არ გამორიცხავს

მსოფლიოს მესამე ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი იმის ალბათობას უშვებს, რომ ჩოგბურთში 2020 წლის ჩათვლით დარჩება. 37 წლის ჩოგბურთელმა 2018 წლის სეზონში ავსტრალიის ღია პირველობა, ATP-ის სამი ტურნირი მოიგო და რეიტინგის პირველ საფეხურზე ავიდა, სეზონი კი მესამე ჩოგანის რანგში დაასრულა. უფრო ადრე, როჯერმა დაადასტურა, რომ 2019 წლის სეზონს სრულად ჩაატარებს.

„მაქვს იმის წარმოდგენა, როგორი იქნება ჩემი განრიგი 2019 წელს. თუმცა, ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რა მოხდება ამ გაზაფხულზე და ზაფხულში გრუნტზე, ჰარდზე და ბალახზე.  ჩემს გუნდთან მსჯელობა გრძელდება. ერთად გადავწვეტთ – ვითამაშებ თუ არა 2020 წლის სეზონში“, – ამბობს ფედერერი SRF-სთან კომენტარში.

ამ კვირას როჯერ ფედერერი გუნდურ ტურნირში თამაშობს. ავსტრალიის ქალაქ პერტში მიმდინარე ჰოპმანის თასზე, შვეიცარიელმა ჯგუფურ ეტაპზე ერთეულებში სამი მატჩი ჩაატარა და სამივე მოიგო – ბრიტანელ კემერონ ნორისთან – 6:1, 6:1, ამერიკელ ფრენსის ტიაფოსთან – 6:4, 6:1 და ბერძენ სტეფანოს ციციპასთან – 7:6(5), 7:6(4).