აშშ-ის სპეციალურმა ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაშის ლიკვიდაცია განახორციელეს
აშშ-ის სპეციალურმა ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაშის ლიკვიდაცია განახორციელეს

ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა ძალებმა სირიის ჩრდილო-დასავლეთში ჩატარებული ოპერაციის დროს ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაშის ლიკვიდირება განახორციელეს. ამის შესახებ „როიტერი“ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

ჯო ბაიდენის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი სპეცოპერაციისას მოკლეს.

„ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმისა და სიმამაცის წყალობით, ბრძოლის ველზე ჩვენ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის ლიკვიდირება მოვახდინეთ. ოპერაციიდან ყველა ამერიკელი უსაფრთხოდ დაბრუნდა“, – განაცხადა ბაიდენმა.

როგორც „როიტერი“ ადგილობრივ მაშველებზე დაყრდნობით წერს, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, შეტაკებებისა და აფეთქებების შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი, მათ შორის, ექვსი ბავშვი და ოთხი ქალი.

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდირების შემდეგ სწორედ აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაში გახდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერი.