„როიტერი“ - ვენესუელის ნავთობკომპანიას საბანკო ანგარიშები რუსულ „გაზპრომბანკში“ გადააქვს
„როიტერი“ - ვენესუელის ნავთობკომპანიას საბანკო ანგარიშები რუსულ „გაზპრომბანკში“ გადააქვს

ვენესუელის ნავთობკომპანიას საბანკო ანგარიშები რუსულ „გაზპრომბანკში“ გადააქვს. ამის შესახებ „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ ნაბიჯს ლათინური ამერიკის ქვეყნის სახელმწიფო კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული სანქციების ფონზე მიმართავს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ვენესუელური კომპანია ნავთობის რეალიზაციიდან გამომუშავებული თანხის რუსულ ბანკში გადატანის შესახებ კლიენტებს ატყობინებს. ამასთან ერთად, ვენესუელური სახელმწიფო კომპანია უცხოელი პარტნიორებისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ გადაწყვიტონ, განაგრძობენ თუ არა მომავალში მასთან თანამშრომლობას. უცხოელ პარტნიორებს შორის არიან „შევრონი“, „ექუინორი“ და „ტოტალი“.

ვენესუელური კომპანიის წინააღდეგ სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2019 წლის იანვარში დააწესა. ფინანსური აკრძალვები კომპანიის აქტივების გაყინვას და მასთან თანამშრომლობის აკრძალვას ითვალისწინებს.