„როიტერი“ - ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ევროკავშირის ან მისი წევრი სახელმწიფოების იმ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან „ციფრული სერვისების აქტის“ განხორციელებაზე
„როიტერი“ - ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ევროკავშირის ან მისი წევრი სახელმწიფოების იმ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან „ციფრული სერვისების აქტის“ განხორციელებაზე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ევროკავშირის ან მისი წევრი სახელმწიფოების იმ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან „ციფრული სერვისების აქტის“ განხორციელებაზე. აღნიშნულის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ამის მიზეზი, წყაროს თქმით, აშშ-ის საჩივრებია, რომ ევროკავშირის კანონი ამერიკელების ცენზურას ახდენს და დამატებით ხარჯებს აკისრებს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს.

„ასეთი ნაბიჯი უპრეცედენტო ქმედება იქნებოდა, რაც გაამწვავებდა ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას იმის წინააღმდეგ, რასაც ის ევროპის მიერ კონსერვატიული ხმების ჩახშობის მცდელობად მიიჩნევს“, – წერს სააგენტო.

წყაროების თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს ჯერ არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება, გაატარებენ თუ არა სადამსჯელო ზომებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ვიზების შეზღუდვების სახით იქნება წარმოდგენილი.

წყაროების ცნობით, გაურკვეველი იყო, რომელი წევრი სახელმწიფოს თანამდებობის პირების წინააღმდეგ იქნება მიმართული ეს ქმედება, მაგრამ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას ამ საკითხზე შიდა შეხვედრები გამართეს.

ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, არაერთხელ გააკრიტიკეს ევროპელი ოფიციალური პირები და რეგულაციები და ამერიკელების „ცენზურაში“ დაადანაშაულეს, რასაც ევროკავშირი უარყოფს.