„როიტერი“ - შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთთან მოლაპარაკებებზე უმნიშვნელო წინსვლა იყო და უცნობია, როდის შედგება მორიგი შეხვედრა
„როიტერი“ - შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთთან მოლაპარაკებებზე უმნიშვნელო წინსვლა იყო და უცნობია, როდის შედგება მორიგი შეხვედრა

შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით თურქეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე უმნიშვნელო წინსვლა იყო და ამ ეტაპზე, უცნობია, თუ როდის შედგება მორიგი შეხვედრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ორმა წყარომ განუცხადა.

„ეს მარტივი პროცესი არ არის“, – ციტირებს თურქ მაღალჩინოსანს „როიტერი“.

„მათ უნდა მიიღონ კონკრეტული ნაბიჯები, რაც რთული იქნება. შემდეგ მოლაპარაკებები გაგრძელდება. თუმცა, თარიღი ახლოს არ ჩანს“, – აღნიშნულია „როიტერის“ წყაროს განცხადებაში.

ნატო-ს გაფართოებისთვის ალიანსის 30-ვე წევრმა თანხმობა უნდა განაცხადოს. თუმცა თურქეთი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფების წევრების შეფარებაში სდებს ბრალს. ანკარა სტოკჰოლმისა და ჰელსინკისგან მათთვის მხარდაჭერის შეწყვეტას ელოდება.

კიდევ ერთმა ანონიმურმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ ოთხშაბათს შემდგარი მოლაპარაკებები პროგრესის გარეშე და მომავალი შეხვედრისთვის ყოველგვარი გრაფიკის გარეშე დასრულდა.