„როიტერი“ - საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმა ირანის მხრიდან განხორციელდა
„როიტერი“ - საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმა ირანის მხრიდან განხორციელდა

საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმა ირანის მხრიდან განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანონიმურმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლება ერთ-ერთ ვერსიად თავდასხმისას საკრუიზო რაკეტების შესაძლო გამოყენებას განიხილავს, რომელიც იემენელი შიიტი ჰუსიტების შეიარაღებაში არ არის. ირანისგან მხარდაჭერილი ჰუსიტები ამტკიცებენ, რომ ნავთობის ობიექტებზე 10 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანეს იერიში.

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „არამკოს“ ობიექტებზე თავდასხმამ ნავთობის დღიური ამოღების მაჩვენებელი 5.7 მილიონი ბარელით შეამცირა, რის გამოც მსოფლიო ბაზარზე შავი ოქროს ფასის ზრდას ელოდებოდნენ.

ირანის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს, თუმცა თეირანში აცხადებენ, რომ მზად არიან სრულმასშტაბიანი ომისთვის.

დატოვე კომენტარი