„როიტერი“ - რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი აშშ-ის ოფიციალურ პირებს, მათ შორის ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა
„როიტერი“ - რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი აშშ-ის ოფიციალურ პირებს, მათ შორის ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი ვაშინგტონში აშშ-ის ოფიციალურ პირებს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დმიტრევი არის ყველაზე მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირი, რომელიც 2022 წელს რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამერიკაში ვიზიტით ჩავიდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა განიხილა დმიტრევმა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას.

„ტრამპის ადმინისტრაცია აგრძელებს ზეწოლას რუსეთსა და უკრაინაზე იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ“, – განუცხადეს ანონიმურმა წყაროებმა „როიტერს“.

წყაროების ცნობით, უიტკოფმა დმიტრიევი შეერთებულ შტატებში გასულ კვირას მიიწვია. დმიტრიევი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, მაგრამ თეთრმა სახლმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, მისთვის ქვეყანაში მოგზაურობის მოკლევადიანი ნებართვა გაეცათ.

ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, დმიტრიევი, შეიძლება, საკვანძო ფიგურა გახდეს აშშ-რუსეთის ურთიერთობების აღდგენაში.