„როიტერი“ – პენტაგონის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ-ს უკრაინის სამხედრო წარმოების დონესთან მისაახლოებლად წლების განმავლობაში მუშაობა დასჭირდება
აშშ-ს უკრაინის სამხედრო წარმოების დონესთან მისაახლოებლად წლების განმავლობაში მუშაობა დასჭირდება, – ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა „როიტერთან“ საუბრისას განაცხადა.
პენტაგონის წარმომადგენელმა, რომელიც ქვეყანაში დრონების წარმოების განვითარებაზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ ამერიკული ინდუსტრია ამ მიმართულებით ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იმყოფება და უკრაინის სამხედრო წარმოების მასშტაბებთან შედარებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
კერძოდ, დრონების პროგრამა Drone Dominance-ის ხელმძღვანელმა, ტრევის მეტცმა განაცხადა, რომ უკრაინა თვეში 500 000 სამხედრო დრონს აწარმოებს. მეტცის თქმით, უკრაინა მიმდინარე წელს 6-7 მილიონ დრონს შექმნის, აშშ-ს კი 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში, 2026 წლის თებერვლისთვის ჯამურად 200 ათასამდე დრონის შეკვეთა ექნება განხორციელებული.
„ნულიდან 200 000-მდე მიღწევა გაცილებით რთულია, ვიდრე მისი მასშტაბების გაზრდა“, – განაცხადა მეტცმა.
თუმცა, აშშ-ის დრონების წარმოების გაფართოება გართულდა მას შემდეგ, რაც პენტაგონმა ახალი წესები შემოიღო, რომლის მიხედვითაც სამხედრო დრონები ამერიკული წარმოების კომპონენტებით უნდა დამზადდეს. 23 ივლისს გამოქვეყნებულ განახლებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის საბოლოო მიზანია „სრულად ადგილობრივი“ მცირე უპილოტო საჰაერო სისტემების მიწოდების ჯაჭვის შექმნა.
მეტცის თქმით, აშშ-ისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება რთულად მოსაპოვებელი კომპონენტები. მისი განცხადებით, დრონები არ უნდა შეიცავდეს აკრძალულ ნაწილებს, მაგალითად, ჩინეთში წარმოებულ ძრავებსა და ელემენტებს.
მიუხედავად არსებული სირთულეებისა, მეტცი აცხადებს, რომ აშშ საბოლოოდ შეძლებს, უკრაინის დრონების ინდუსტრიას გაუთანაბრდეს.