„როიტერი“ - პაკისტანის ადამიანის უფლებათა მინისტრმა ემანუელ მაკრონის შესახებ „ტვიტერში“ გამოქვეყნებული განცხადება წაშალა
„როიტერი“ - პაკისტანის ადამიანის უფლებათა მინისტრმა ემანუელ მაკრონის შესახებ „ტვიტერში“ გამოქვეყნებული განცხადება წაშალა

პაკისტანელმა მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შესახებ „ტვიტერში“ გამოქვეყნებული განცხადება წაშალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პაკისტანის ადამიანის უფლებათა დაცვის ფედერალურმა მინისტრმა, შირინ მაზარიმ ​„ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მუსლიმებს ისე ექცევა, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები ებრაელებს ექცეოდნენ. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჟან ივ ლე დრიანის თქმით, აღნიშნული კომენტარი მიუღებელია და უნდა წაიშალოს.

მაკრონი მუსლიმებს უკეთებს იმავეს, რასაც ნაცისტები ებრაელებს უკეთებდნენ – მუსლიმი ბავშვები მიიღებენ ID-ნომრებს ისევე, როგორც ებრაელებს აიძულებდნენ ყვითელი ვარსკვლავის ტარებას ტანსაცმელზე იდენტიფიცირებისთვის“, – დაწერა შირინ მაზარიმ „ტვიტერში“ და პოსტს თან დაურთო ონლაინგამოცემის სტატია.

მოგვიანებით სტატიაში შესწორებები შევიდა, სადაც აღინიშნა, რომ ID-ნომრების მინიჭების ინიციატივა საფრანგეთში ყველა ბავშვს ეხება და არა მხოლოდ მუსლიმებს.

როგორც შირინ მაზარიმ მოგვიანებით „ტვიტერშივე“ განმარტა, რედაქციამ სტატია შეასწორა, რის გამოც მან თავისი განცხადება წაშალა. პაკისტანელი მინისტრის თქმით, შესწორების შესახებ პაკისტანში საფრანგეთის ელჩს აცნობეს.