„როიტერი“ - „მანჩესტერ სიტის“ გაისად ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის შანსი აქვს
„როიტერი“ - „მანჩესტერ სიტის“ გაისად ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის შანსი აქვს

უეფა-სგან ორწლიანი დისკვალიფიკაციის მიუხედავად, „მანჩესტერ სიტის“ რჩება შანსი ითამაშოს 2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგაზე, – წერს სააგენტო „როიტერი“. შეგახსენებთ, რომ ინგლისურ კლუბს ფინანსური ფეარ პლეის დარღვევის გამო ევროთასების მომდევნო ორ გათამაშებაში გამოსვლა აეკრძალა.

ახლა ირკვევა, რომ „სიტის“ აქვს ორი რეალური ვარიანტი გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. ინგლისის ჩემპიონი აპელაციას შეიტანს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში და საქმის მოსმენის პერიოდში მოითხოვს უეფა-ს გადაწყვეტილების შეჩერებას იქამდე, სანამ აპელაციის განხილვა არ დასრულდება.

„თითქმის დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ „სიტი“ სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოსგან მოითხოვს დისკვალიფიკაციის დროებით შეჩერებას. დღეისთვის, ეს არის სასჯელის შეწყვეტის ერთადერთი ხერხი, რადგან სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელს განსაკუთრებული უფლება გააჩნია”, – მიაჩნია სპორტულ იურისტს ჯონ მერზადს.

მეორე ხერხია – საქმის დაჩქარება, რათა ყველაფერი მოესწროს მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის წილისყრამდე, მაგრამ ამ შემთხვევაში, ორივე მხარეს ნაკლები დრო ექნება მოსამზადებლად.

„მაგრამ დისკვალიფიკაციის დროებითი შეჩერება უფრო სავარაუდოა, რადგან ეს „სიტის“ მისცემს საშუალებას სრულფასოვნად მოემზადოს მოსმენისთვის და ამასთან, არ გამოტოვოს 2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგა”, – განაცხადა გამოცემა International Sports Law Journal-ის რედაქტორმა კრისტოფერ ფლენეგანმა.

ექსპერტები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ ჩვეულებრივი და არა დაჩქარებული განხილვის შემთხვევაში, სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო ამ საქმეს 2021 წლის დასაწყისამდე ვერ შეუდგება.