„როიტერი“ - ჯო ბაიდენი უკრაინისთვის სავარაუდოდ 100 მილიონი დოლარის შეიარაღების ახალ პაკეტზე მოაწერს ხელს
„როიტერი“ - ჯო ბაიდენი უკრაინისთვის სავარაუდოდ 100 მილიონი დოლარის შეიარაღების ახალ პაკეტზე მოაწერს ხელს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის სავარაუდოდ 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღების ახალ პაკეტს მოაწერს ხელს, რათა დაეხმაროს ოფიციალურ კიევს რუსეთის შეჭრის მოგერიებაში. ამის შესახებ „როიტერთან“ საუბარში ანონიმურმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს. მათი ინფორმაციით, უახლესი პაკეტი სავარაუდოდ მოიცავს მეტ საბრძოლო მასალას ისეთი სისტემებისთვის, როგორიც მაგალითად ჰაუბიცებია.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 3,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღება მიაწოდა, მათ შორის ჰაუბიცები, „სტინგერის“ საზენიტო სისტემები, „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ე.წ. გოსთის ტიპის დრონები და საბრძოლო მასალები.