„როიტერი“ - ირანის უსაფრთხოების ძალებმა ქურთისტანის რეგიონში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე ოთხი ადამიანი მოკლეს
„როიტერი“ - ირანის უსაფრთხოების ძალებმა ქურთისტანის რეგიონში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე ოთხი ადამიანი მოკლეს

ირანის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის დასავლეთით, ქურთისტანის რეგიონში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე ოთხი ადამიანი მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სამხედროების ძალადობას 16 წლის სკოლის მოსწავლე და სკოლის მასწავლებელი ქურთების ქალაქ ჯავანრუდში ემსხვერპლნენ. დასავლური მედიის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ ქურთისტანის რეგიონში ჯარები შეიყვანა და მოსახლეობის წინააღმდეგ ზეწოლა გააძლიერა.

ქვეყნის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ძალები სუნიტი ქურთებით დასახლებულ ქალაქ მაჰაბადში შეიყვანა. ირანში ცნობილმა სუნიტმა სასულიერო პირმა, მოლავი აბდოლჰამიდმა უსაფრთხოების ძალებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მაჰაბადში ხალხის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნისგან.

ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ირანელი ქურთი, მაჰსა ამინი მორალის პოლიციამ დააკავა. მაჰსა ამინი, მიყენებული დაზიანებების გამო, მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.