„როიტერი“ – ირანი სპარსეთის ყურის ქვეყნებს აფრთხილებს, დაარწმუნონ დონალდ ტრამპი, შეწყვიტოს დარტყმები, წინააღმდეგ შემთხვევაში თეირანი მათ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას დაარტყამს

23:15, 06.08.2026

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ინტენსიური დიპლომატიური კამპანია დაიწყო და გააფრთხილა, რომ თუ ისინი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანზე დარტყმების შეწყვეტასა და მოლაპარაკებების გზის არჩევაში ვერ დაარწმუნებენ, თეირანი მათი ნავთობის, ენერგეტიკისა და წყლის ინფრასტრუქტურას დაარტყამს, – ამის შესახებ „როიტერი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გაფრთხილება ითვალისწინებდა დარტყმებს ვაშინგტონის უახლოესი არაბი მოკავშირეების ენერგეტიკულ ობიექტებზე, ნავთობის საბადოებზე, გადამამუშავებელ ქარხნებზე, ელექტროქსელებზე, წყლის ინფრასტრუქტურაზე, სატრანსპორტო ქსელებსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე.

წყაროების ინფორმაციით, ეს გზავნილი ირანმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც დონალდ ტრამპმა 28 ივლისს განაცხადა, რომ შესაძლოა, ირანის ენერგეტიკულ ქსელსა და ინფრასტრუქტურაზე იერიში მიეტანა. აღნიშნულ საკითხზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბრები გამართა საუდის არაბეთის, თურქეთისა და კატარის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე პაკისტანის არმიის სარდალთან.

„როიტერის“ წყაროების თქმით, არაღჩიმ სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდა, გამოეყენებინათ ტრამპზე საკუთარი გავლენა, რათა მას ახალი იერიშების წამოწყებაზე უარი ეთქვა. როგორც წყარო აღნიშნავს, ირანის გზავნილი ყველა საუბარში ერთნაირი იყო: „ჩვენ საპასუხო მოქმედებებისთვის მზად ვართ, თუმცა ფართომასშტაბიანი ესკალაციისა და რეგიონში ნგრევის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა დიპლომატიური გადაწყვეტაა“.

„როიტერის“ ცნობით, სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანის გაფრთხილება ერთმნიშვნელოვანი იყო – თუ აშშ ირანის ინფრასტრუქტურას დაარტყამს, თეირანი საპასუხოდ სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა რეგიონულ სამიზნეებს შეუტევს.

წყაროების ინფორმაციით, მოგვიანებით საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი დონალდ ტრამპს ესაუბრა და სამხედრო მოქმედებების გადადების, მოლაპარაკებების განახლებისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამასთან, საუდის არაბეთმა ვაშინგტონს განუცხადა, რომ მხარს დიპლომატიურ გზას უჭერს, თუმცა თუ მის ტერიტორიაზე თავდასხმა განხორციელდება, პასუხს გასცემს.

მსგავსი