„როიტერი“ - ინდოეთში, კარანტინის ფონზე, პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა
„როიტერი“ - ინდოეთში, კარანტინის ფონზე, პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა

ინდოეთში კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის ფონზე, პოლიციამ ასობით მიგრანტის წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინდოეთის ხელისუფლების მიერ 15 აპრილამდე გამოცხადებული კარანტინის შემდეგ, ასობით ათასი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, რამაც ქვეყანაში ჰუმანიტარული პრობლემები შექმნა. ახლა უმუშევრად დარჩენილი ასობით ათასი ადამიანი დიდი ქალაქებიდან, მაგალითად, მუმბაიდან და დელიდან მშობლიურ ქალაქებში ფეხით მიემართება.

როგორც ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ კარანტინის გამოცხადების დროს აღნიშნა, შეზღუდვები ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის ფართო გავრცელების თავიდან ასაცილებლად დააწესეს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 15 აპრილამდე განსაკუთრებული საჭიროების გარეშე მოსახლეობამ საცხოვრებლები არ უნდა დატოვოს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ინდოეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 1 071 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 29 ადამიანი. ვირუსისგან განკურნება კი ამ დრომდე 100-მა ადამიანმა შეძლო.