„როიტერი“ - ფრიდრიხ მერცმა ევროკავშირის ლიდერებს ახალი ინიციატივა წარუდგინა, რომლითაც უკრაინას, შესაძლოა, ევროსტრუქტურებში პირდაპირი როლი მიენიჭოს, როგორც გაწევრიანების შუალედური ნაბიჯი
„როიტერი“ - ფრიდრიხ მერცმა ევროკავშირის ლიდერებს ახალი ინიციატივა წარუდგინა, რომლითაც უკრაინას, შესაძლოა, ევროსტრუქტურებში პირდაპირი როლი მიენიჭოს, როგორც გაწევრიანების შუალედური ნაბიჯი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ევროკავშირის ლიდერებს ახალი ინიციატივა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, უკრაინას, შესაძლოა, ევროკავშირის სტრუქტურებში პირდაპირი როლი მიენიჭოს, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების შუალედური ნაბიჯი.

მერცის თქმით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევას და უკრაინის ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანების პროცესსაც მოაახლოებს.

„როიტერის“ მიერ ნანახ წერილში მერცი სთავაზობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ უკრაინას მიენიჭოს „ასოცირებული წევრის“ სტატუსი. ასეთი კატეგორია ამჟამად ევროკავშირის წესებში არ არსებობს, თუმცა ის უკრაინას მისცემდა შესაძლებლობას, მონაწილეობა მიეღო ევროკავშირის სამიტებსა და მინისტრთა შეხვედრებში, ოღონდ ხმის მიცემის უფლების გარეშე.

გერმანიის კანცლერის ინიციატივით, უკრაინა ასევე შეძლებდა, ჰყოლოდა ევროკომისიაში ასოცირებული კომისარი და წარმომადგენლები ევროპარლამენტში. მერცის თქმით, ეს იქნებოდა განსაკუთრებული მიდგომა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ომის პირობებში იმყოფება.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა აიღონ პოლიტიკური ვალდებულება, რომ უკრაინაზე გავრცელდეს ევროკავშირის ურთიერთდახმარების მექანიზმი, რაც კიევს უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიას მისცემდა.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, როგორც წესი, ხანგრძლივია. ის მოითხოვს მასშტაბურ რეფორმებს, მოლაპარაკებებსა და ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობასა და რატიფიცირებას, რაც ხშირად მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის. მერცის წინადადება სწორედ სწრაფ გაწევრიანებასა და უკრაინის ამჟამინდელ კანდიდატის სტატუსს შორის ერთგვარი შუალედური გამოსავლის მოძებნას წარმოადგენს. წერილში გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, შეიქმნას სპეციალური მექანიზმიც, რომლის საშუალებით უკრაინას ეს სტატუსი ჩამოერთმევა, თუ ქვეყანა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული სტანდარტების მიმართულებით უკან დაიხევს.

ფრიდრიხ მერცის თქმით, ის გეგმავს ამ იდეების განხილვას ევროკავშირის სხვა ლიდერებთან და სურს, რომ მალე შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინიციატივის დეტალებზე იმუშავებს.