„როიტერი“ – ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყანა რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენების საკითხზე დისკუსიის განახლებას ითხოვს

21:43, 27.08.2026

ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყანა რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენების საკითხზე დისკუსიის განახლებას ითხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კერძოდ, აღნიშნული ინიციატივით ნიდერლანდები, პოლონეთი, ესპანეთი და შვედეთი გამოვიდნენ. ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წერილით მიმართეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, კაია კალასსა და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰელენ მაკენტეს, რომლის ქვეყანაც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა.

მინისტრების წერილში, რომელიც „როიტერმა“ მოიპოვა, ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა გასული წლის დეკემბერში უკრაინისთვის 2026-2027 წლების პერიოდში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა, ეს თანხა საკმარისი არ იქნება.

„უკრაინას მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში“, – ნათქვამია წერილში.

ოთხი ქვეყანა საკითხის განხილვას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო შეხვედრაზე ითხოვს, რომელიც 1-2 სექტემბერს ირლანდიაში გაიმართება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა არის დრო, დავუბრუნდეთ საკითხს, თუ როგორ შეგვიძლია რუსეთის გაყინული აქტივების შემდგომი გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ“, – წერენ მინისტრები.

ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებით, ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაში რამე შედეგის მიღწევას, რადგან ბელგიას, რომელიც აღნიშნულს ეწინააღმდეგებოდა, საკუთარი პოზიცია არ შეუცვლია.

ევროპელი ოფიციალური პირების შეფასებით, რაც მეტი თანხა იქნება ხელმისაწვდომი სხვა წყაროებიდან, მით ნაკლები ფინანსური ტვირთი დაეკისრება ევროკავშირის გადასახადის გადამხდელებს. ამასთან, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ გაყინული რუსული თანხების გამოყენება უკრაინის თავდაცვისთვის უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე მათი შენახვა ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის აღდგენის დასაფინანსებლად.

„რუსეთი ამ ფულს უკან ვერ მიიღებს, ვიდრე უკრაინისთვის რეპარაციებს არ გადაიხდის, ამიტომ უკეთესია, ის აგრესიის შესაჩერებლად, ანუ უკრაინის დასაცავად გამოვიყენოთ, ვიდრე დაველოდოთ რუსეთის აგრესიის დასრულებას და მხოლოდ ამის შემდეგ დავხარჯოთ ეს თანხა აღდგენაზე“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.

მსგავსი