„როიტერი“ - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის ოპოზიციისთვის დახმარების სახით 40 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს
„როიტერი“ - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის ოპოზიციისთვის დახმარების სახით 40 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის ოპოზიციისთვის დახმარების სახით 40 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აღნიშნული თანხა გვატემალასა და ჰონდურასში მიგრაციული კრიზისის აღმოსაფხვრელად იყო განკუთვნილი, თუმცა ამის სანაცვლოდ, 40 მილიონი დოლარი ვენესუელის ოპოზიციის ხელფასების, საქმიანი ვიზიტების, საკომუნიკაციო აღჭურვილობისა და წვრთნებისთვის დაიხარჯება.

11 ივლისით დათარიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვენესუელის ოპოზიციისთვის ფინანსური დახმარების გაწევა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში შედის.

ფინანსური დახმარების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტსა და ვენესუელის ოპოზიციას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით 21 იანვრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ კი თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამის პარალელურად ვენესუელა უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს განიცდის. ჰიპერინფლაციის გამო, ქვეყანაში საკვებისა და სამედიცინო მედიკამენტების დეფიციტია. შედეგად, ქვეყანა მილიონობით ადამიანმა დატოვა და თავი მეზობელ სახელმწიფოებს შეაფარა.