„როიტერი“ – დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, ფრონტის ხაზი გაყინულია, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი კონფლიქტის სასწრაფოდ შეჩერების აუცილებლობას ხედავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინისა და სირიის ლიდერებს შეხვდება, – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის 8 ივლისს შეხვდება. აშშ-ის მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს, რათა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზები განიხილონ. წყაროს ინფორმაციით, ფრონტის ხაზი გაყინულია, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი კონფლიქტის სასწრაფოდ შეჩერების აუცილებლობას ხედავს.
„ფრონტის ხაზი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშკარად გაიყინა და მნიშვნელოვან პროგრესს ვერცერთი მხარე ვერ აღწევს. პრეზიდენტი გრძნობს რეალურ გადაუდებელ აუცილებლობას, რათა შეეცადოს და ეს ყველაფერი შეაჩეროს“, – განუცხადა „როიტერს“ წყარომ.
გავრცელებული ცნობით, ტრამპი სამიტზე 7 ივლისს ჩავა. მისი პირველი შეხვედრა მასპინძელ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გაიმართება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან და მასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენციაც.
გარდა ამისა, „როიტერის“ წყაროს ინფორმაციით, ტრამპი პირადად მოუწოდებს ნატო-ს მოკავშირეებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.
აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, სამიტის განმავლობაში გამოცხადდება მილიარდობით დოლარის ღირებულების თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული შეთანხმებები. თუმცა წყარო არ აკონკრეტებს, რა შეთანხმებებზეა საუბარი.
როგორც „როიტერი“ წერს, ევროპელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპის კარგი ურთიერთობა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სამიტის მშვიდად ჩატარებას უზრუნველყოფს.