„როიტერი“ - დონალდ ტრამპი ჩინეთის მიერ უიღურების შევიწროების გამო სანქციების დაწესების კანონს ხელს მოაწერს
„როიტერი“ - დონალდ ტრამპი ჩინეთის მიერ უიღურების შევიწროების გამო სანქციების დაწესების კანონს ხელს მოაწერს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის მიერ უიღურების შევიწროების გამო სანქციების დაწესების შესახებ კანონს ხელს მოაწერს. ამის შესახებ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ წერს.

მანამდე აღნიშნული დოკუმენტი აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ ფაქტობრივად ერთხმად მიიღო.

დოკუმენტი საშუალებას მისცემს აშშ-ის ადმინისტრაციას, სანქციები დააწესოს ჩინეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა წინააღმდეგ, ვინც სინძიან-უიღურის ავტონომიურ ოლქში უიღურებს და სხვა მუსლიმებს ავიწროებს.

ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ჯერ უცნობია, როდის მოაწერს ტრამპი კანონპროექტს ხელს.

დოკუმენტის ავტორი რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიოა. სანქციები გულისხმობს უიღურთა დისკრიმინაციაში ჩართული პირებისთვის აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას და შტატების ტერიტორიაზე არსებული მათი კუთვნილი ქონების დაყადაღებას.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოში განაცხადეს, რომ ამ კანონპროექტის მიღება ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევას წარმოადგენს.