„როიტერი“ - ბერლინში დემოკრატიის მხარდასაჭერი და ულტრამემარჯვენეების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
ბერლინის ქუჩებში დემოკრატიის მხარდასაჭერ და ულტრამემარჯვენეების საწინააღმდეგო აქციაზე ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეების აზრით, გერმანიაში დემოკრატია საფრთხეშია.
„ჩვენი დემოკრატია სასტიკი თავდასხმის ქვეშაა, იქნება ეს ცილისწამების კამპანიები, დეზინფორმაცია, ყალბი ამბები, ტროლები ან დემოკრატიის მტრები პარტიებსა და მედიაში, რომელთაც სურთ, არა მხოლოდ საფრთხე შეუქმნან ჩვენს მშვიდობიან, ლიბერალურ თანაცხოვრებას, არამედ გაანადგურონ იგი“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აქციაში დაახლოებით 30 000 დემონსტრანტი მონაწილეობდა.
შეგახსენებთ,რომ გერმანიაში 23 თებერვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.