„როიტერი“ - ალექსეი ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირებისთვის თვითმფრინავი რუსეთში დღეს ჩაფრინდება
„როიტერი“ - ალექსეი ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირებისთვის თვითმფრინავი რუსეთში დღეს ჩაფრინდება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირებისთვის თვითმფრინავი გერმანიიდან რუსეთში დღეს ჩაფრინდება. ინფორმაციას „როიტერი“ ფონდ „კინო მშვიდობისთვის“ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

2018 წელს ამავე ფონდის ორგანიზებით, გერმანიაში ჩაიყვანეს რუსი აქტივისტი პიოტრ ვერზილოვი, რომელიც მოწამლული იყო და დახმარება ესაჭიროებოდა.

როგორც ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, ნავალნის ტრანსპორტირებისთვის თვითმფრინავის გასაგზავნად მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთის ოფიციალურ პირებთან.

„იმედია, ყველა ნებართვას დღეს ღამით მივიღებთ“, – განაცხადეს ორგანიზაციაში.

როგორც იუწყებიან, ნავალნის გერმანიაში პარასკევს დილით ჩაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს ომსკის საავადმყოფოში. წინასწარი ცნობით, ის მოწამლულია.