როგორ ინარჩუნებს ფორმას ქართველი მებრძოლი პანდემიის დროს - ექსკლუზიური ინტერვიუ გიგა ჭიკაძესთან
როგორ ინარჩუნებს ფორმას ქართველი მებრძოლი პანდემიის დროს - ექსკლუზიური ინტერვიუ გიგა ჭიკაძესთან

როგორი ზეგავლენა მოახდინა კორონავირუსმა UFC-ზე? ბევრი ღონისძიება გაუქმდა, თუმცა არის საუბრები, რომ, შესაძლოა გარკვეული ბრძოლები მაყურებლების გარეშე გაიმართოს.

„კორონავირუსმა ძალიან დიდი ზარალი მიაყენა მსოფლიოში ყველა სფეროს. სპორტის ყველა სახეობას, გამონაკლისი არც UFC გამოდგა. ჩემი ბრძოლის ღამე იყო ერთ-ერთი უკანასკნელი. ამის შემდეგ, ბრაზილიის ქარდმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა და მომდევნო ღონისძიებები გადადებულია. მიდის საუბრები, რომ ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლა მაინც შედგება დათქმულ ვადებში მაყურებლების გარეშე, თუმცა დაზუსტებით ჯერჯერობით არაფრის თქმა შეიძლება“.

პანდემიისა და დახურული დარბაზების პირობებში, როგორ ახერხებ ფორმის შენარჩუნებას?

„რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ასეთ პირობებში ჩვეული ფორმა შეინარჩუნო, თუმცა მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით სპორტული ფორმა მაინც შევინარჩუნო. ძირითადად, სულ სახლში ვარ და აქვე ვცდილობ ვარჯიშს, თუმცა ასევე მაქვს დარბაზის გასაღები, მაქვს უფლება მარტო ან მწვრთნელთან/პარტნიორთან ერთად მივიდე და ვივარჯიშო. ასევე დავრბივარ პირბადით, თუმცა ძირითად დროს მაინც სახლში ვატარებ“.

ვისთნ ერთად ვარჯიშობ ხოლმე ამ რთულ პერიოდში?

„ზოგადად, რამდენიმე მწვრთნელი მყავს. ამ შემთხვევაში თუ დარბაზში მიწევს მისვლა, ჩემს ძირითად მწვრთნელთან რაფაელ კორდეიროსთან ერთად დარტყმით ტექნიკაზე ვმუშაობ, ასევე მაქვს ვარჯიშები მოჭიდავე მაიკლ პერესთან, რომელიც ოლიმპიელია. გამძლეობაზე სახლში ვმუშაობ ხოლმე „ჩეის იორ დრიმს“ სისტემით. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დარბაზში მხოლოდ მე და ჩემი მწვრთნელები ვართ, იზოლირებულად“.

რა რჩევას მისცემდი სპორტსმენებს, რომლებიც დარბაზში ვერ ახერხებენ მისვლას და სახლის პირობებში უწევთ ვარჯიში?

პირველ რიგში ვეტყოდი იმას, რომ ახლა მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. პირველ რიგში ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ამ ვირუსთან საბრძოლველად. აქედან გამომდინარე, უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ დარბაზებში სიარულს. სპორტსმენებს შეგვიძლია ფორმის შენარჩუნება სახლის პირობებში. არსებობს ვარჯიშები, რომელიც დარბაზის პირობებს არ მოითხოვს და ასეთ რთულ და საპასუხისმგებლო დროს სჯობს გავიჭირვოთ და სახლში ვივარჯიშოთ.