როგორ და რატომ გადავიდა ფიგუ „ბარსელონადან“ „რეალში“ [ვიდეო]

2000 წლის 26 თებერვალს, ლუიშ ფიგუმ კაპიტნის რანგში გაიყვანა „ბარსელონა“ „რეალთან“ მატჩზე. ძირითადი კაპიტანი პეპ გვარდიოლა იყო, მაგრამ მის არყოფნაში, სამკლაური ფიგუსთან გადაიდოდა. სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ, 2000 წლის 21 ოქტომბერს, „კამპ ნოუს“ ტრიბუნები, როგორც არასდროს, სიძულვილისგან დუღდა – ფიგუ კატალონიაში „რეალის“ ფეხბურთელის რანგში ჩავიდა.

სახელგანთქმული და ლეგენდარული მატჩი, რომელშიც ლუიშს სახიფათო ნივთები დაუშინეს, მხოლოდ ორი წლის შემდეგ ჩატარდა. „კამპ ნოუზე” მტრის რანგში პირველი თამაშისას მას კუთხურის ალამთან ახლოსაც არ უშვებდნენ, კატალონელ გულშემატკივრებს კი ჯერ არ ჰქონდათ მოფიქრებული ზიზღის გამოხატვის კრეატიული ხერხები და უბრალოდ, გამაყრუებლად უსტვენდნენ. ბრიტანელი რეპორტიორის მაიკლ რობინსონის თქმით, მისი მიკროფონიდან ისეთი ხმა ისმოდა, თითქოს თავად ღრიალებდა, ხოლო „რეალი“ მცველმა ივან კამპომ მოგვიანებით ყურებში ფიზიკური ტკივილის გამო დაიჩივლა – „არასოდეს ცხოვრებაში ამგვარი ხმაური არ გამიგია. და მე ვხედავდი, რომ ფიგუ განადგურებული იყო. ის ხომ მათი გმირი იყო სულ რაღაც ნახევარი წლის წინ, როგორც შეიძლება დაივიწყო ყველაფერი, რაც მან კლუბისთვის გააკეთა?“

ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო, ფიგუმ მომდევნო ორი „კლასიკო“ გამოტოვა და ბარსელონაში ხელმეორედ მხოლოდ 2002 წლის ნოემბერში დაბრუნდა. იმ დროისთვის, სიძულვილის გრადუსი სულაც არ იყო დაცემული, სამაგიეროდ, გულშემატკივრებს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ საკუთარი გრძნობების გამოხატვის უფრო მძაფრი ხერხები მოეძებნათ.

ზეწოლა ჯერ კიდევ სასტარტო სასტვენამდე დაიწყო: სტადიონის დირექტორმა მანელ ვიჩმა შემადგენლობების გამოცხადებისას, ფიგუს გვარის შემდეგ 10-წამიანი პაუზა გააკეთა და ტრიბუნების ხმაურის საშუალება მისცა.
თამაში მეტად ხისტი იყო – ლუიშს უხეშად მეურვებდა კარლეს პუიოლი, მაგრამ პორტუგალიელიც არანაკლებ ხისტი იყო და ერთხელ ფილიპ კოკუს უკნიდანაც კი ჩაარტყა. უკვე მეშვიდე წუთისთვის, მას ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

როცა ფიგუმ კუთხურის ჩაწოდება მოინდომა, ტრიბუნიდან მისი მიმართულებით შებოლილი ღორის თავი ისროლეს. დღეს ეს თავი „ბარსელონას“ საკლუბო მუზეომში ინახება და ის, რა თქმა უნდა, ყველაზე ეკზოტიკური ნივთია, რაც კი ისტორიაში „ოქროს ბურთის“ მფლობელისთვის უსვრიათ. მაგრამ არა ყველაზე სახიფათო.

თავის გარდა, ფიგუს სხვა ნივთებიც ესროლეს: მონეტები, ტელეფონები, ტუალეტის ქაღალდის რულონები. ვისკის ბოთლი. და დანა. საბედნიეროდ, ბოთლი და დანა მიზანში არ მოხვდა. ფიგუს ეყო სიმშვიდე იმისთვის, რომ სიტუაცია თავის სასარგებლოდ შემოეტრიალებინა: მან ნასროლ ნივთებს შორის „კოკა კოლას“ ბოთლი დაინახა. ის ამ ბრენდის ელჩი იყო, ამიტომაც ბოთლი აიღო, გაიღიმა და ცერა თითი მაღლა ასწია, როგორც ამას რეკლამაში აკეთებდა. მაგრამ მიჩელ სალგადომ, რომელიც კუთხურის ალამთან მიდიოდა ბურთის გასათამაშებლად, გადაწყვიტა, რომ ეს უკვე მეტისმეტი იყო – „შენ შენთვის იყავი, მე კი მანდ არ მოვალ“, – დაუძახა პორტუგალიელს უსაფრთხო მანძილიდან.

„რეალის“ ფეხბურთელებს მიაჩნდათ, რომ მინდორზე დარჩენა სახიფათო იყო და, ალბათ, მართლებიც იყვნენ. არბიტრი ალფონსო პერეს ბურულიც დაეთანხმა მათ და გუნდები მინდვრიდან გაიყვანა. „ბარსელონას“ ფანებს პუიოლი აწყნარებდა. მატჩი 12 წუთის შემდეგ განახლდა.

2016 წელს, ბერლინში პრესკონფერენციაზე ფიგუ და პუიოლი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდნენ, და ერთმა ქალმა კატალონურად დასვა შეკითხვა. ფიგუმ მიკროფონი აიღო და ღიმილის გარეშე თქვა – „ჩვეულებრივ, არ ველაპარაკები კატალონელ ჟურნალისტებს, მაგრამ თქვენთვის გამონაკლისს გავაკეთებ, რადგან ლამაზი ხართ“. ამ პატარა ეპიზოდში ბევრი აზრი იყო ჩადებული. „რეალში“ გადასვლის მომენტიდან გასული იყო 16 წელი, კარიერის დასრულებიდან – შვიდი წელი, მაგრამ ფიგუს არ დავიწყებია, როგორ აღვივებდა ბარსელონური პრესა გულშემატკივრებში ზიზღს. ერთი ფაქტი მასმედიაში სიგიჟის დონის აღსაქმელად – კატალონურ გაზეთ „სპორტ“-ში (Sport) 2010 წელს გამოვიდა სტატია სათაურით: „10 წელი ფიგუს ღალატიდან“. ფეხბურთელმა ჟურნალისტს უპასუხა ისე, რომ ყველა მიახვედრა – მას კვლავინდებურად მიაჩნდა, რომ არ იმსახურებდა „ბარსას“ ფანებისგან სამუდამო წყევლას და ამაში პრესას ადანაშაულებდა. ამასთან, ეს პასუხი აჩვენებს ჯანსაღ ცინიზმს, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში ეხმარებოდა მას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში. მაგალითად ისეთის, როგორიც იყო „რეალში“ გადასვლა.

ტრანსფერის ორნაირი ახსნა

მოგვიანებით, ფიგუს მეგობარმა პაულუ ფუტრემ, რომელიც მონაწილეობა იღებდა „რეალთან“ მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ ლუიშს საერთოდ არ უნდოდა ეს ტრანსფერი. მისი ვერსიით ისე გამოდიოდა, რომ მომხდარი ფლორენტინო პერესის გრანდიოზული აფიორა იყო. ის კენჭს იყრიდა „რეალის“ პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ აშკარა აუთსაიდერი გახლდათ – ლორენსო სანსმა 30-წლიანი პაუზის შემდეგ, კლუბი ორჯერ მიიყვანა ჩემპიონთა თასის მოგებამდე და მეთოდურად ანვითარებდა კლუბს. ის თავისიანი იყო გულშემატკივრებს შორის. სწორედ ამ დროს, პერესმა გამოაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი გახდებოდა, „რეალისთვის“ ფიგუს შეიძენდა. ეს ძნელი დასაჯერებელი იყო. ეს იგივეა, რომ დღეს ქუჩიდან ვინმე „რეალის“ პრეზიდენტობაზე იყრიდეს კენჭს და დაპირდეს ყველას ლიონელ მესის შეძენას.

მაგრამ პერესს წინასწარი კონტრაქტი ჰქონდა ფიგუს აგენტთან. კონტრაქტის პირობებით, თუ პერესი წააგებდა არჩევნებს, ფიგუ რჩებოდა „ბარსელონაში“ და მიიღებდა ორ მილიონ ევროს. მაგრამ, თუ პერესი მოიგებდა, მოთამაშე იძლეოდა პირობას, რომ „რეალში“ გადავიდოდა. „რეალის“ გულშემატკივრებმა მაშინვე ხმა მისცეს პერესს. მათი რეაქცია და საქციელი გასაგებია – ეს სუფთა ცნობისმოყვარეობა იყო. უფრო რთულია ფიგუსა და მისი აგენტის მოტივი. ერთის მხრივ, ეს იყო იოლი ფული მინიმალური რისკით. მეორეს მხრივ – ფუტრე შემდეგ ყვებოდა, რომ ვერავინ შეამჩნია ერთი დამატებითი დეტალი – იმ შემთხვევაში, თუ პერესი პრეზიდენტი გახდებოდა, ხოლო პორტუგალიელი ტრანსფერზე უარს იტყოდა, მას ჯარიმის სახით 35 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. რთული წარმოსადგენია, რომ იურისტს, აგენტსა და ფეხბურთელს, სამივეს გამორჩათ ეს დეტალი, მაგრამ თეორიულად ასეთი რამ შესაძლებელია. ამის შემდეგ, ფეხბურთელს სხვა გამოსავალი აღარ დარჩა.
იმის მოუხედავად, იცოდა თუ არა ფეხბურთელის გარემოცვამ ჯარიმის შესახებ, პერესის კომბინაცია მართლაც აღფრთოვანებას იწვევდა. მისი დაპირებები და მანიპულაციები წაუგებელ პროგნოზად გადაიქცა. და გზა გაუხსნა პერესს ფეხბურთში, „რეალმა“ კი მიიღო კლუბის ისტორიაში ყველაზე შარმატებული პრეზიდენტი ლეგენდარული სანტიაგო ბერნაბეუს შემდეგ.

რა თქმა უნდა, ტრანსფერს სხვა ახსნაც მოეძებნებოდა, უფრო სიმართლესთან მიახლოებული. იმ პერიოდში „ბარსელონაშიც“ ახალ პრეზიდენტს ირჩევდნენ (ერთი კვირის შემდეგ, „რეალის“ არჩევნებიდან) და კლუბის მომავალი გაურკვეველი ჩანდა. ამ დროს კი პერესის ამბიციები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პორტუგალიელით. „გალაქტიკოსის“ კონცეპციის ავტორს რაღაც უპრეცედენტოს აშენება სურდა. და ფიგუს მის ნაწილად ქცევა შესთავაზა.

თუ წამით დავივიწყებთ ემოციურ ასპექტს იმისა, თუ საიდან სად გადავიდა ფიგუ, მაშინ ასეთ რამეს ვიღებთ – ის გაურკვეველი მომავალის გუნდიდან უნიკალურად ამბიციურ პროექტს შეუერთდა, სადაც მას მთავარ როლს სთავაზობდნენ. იმ კლუბიდან, რომელმაც თავის პიკზე ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, გადავიდა კლუბში, რომელმაც ლიგა ორჯერ მოიგო. იმ კლუბიდან, სადაც მას ბრწყინვალე სეზონის შემდეგ ერთი მილიონიდან ორ მილიონამდე ხელფასის გაზრდაზე უარი უთხრეს, გადავიდა კლუბში, სადაც ექვი მილიონი შესთავაზეს.
„რეალმა“ „ბარსელონაზე“ ერთი კვირით ადრე აირჩია ახალი პრეზიდენტი და ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა. ლუის ნუნიესი უკვე მიდიოდა, ჟოან გასპარი ჯერ არაფერს წყვეტდა – „ბარსელონაში“ ხელმძღვანელობის ვაკუუმი იყო, რამდენიმე კვირა კლუბში არავისთან მოლაპარაკება არ შეიძლებოდა. შესაძლოა, არჩევნები ჯერ „ბარსელონაში“ რომ ჩატარებულიყო, ყველაფერი სხვანაირად წასულიყო.

გადასვლის შემდეგ

ტრანსფერის სკანდალურობამ სპორტული მხარე დაჩრდილა. არადა, ტრანსფერიდან ნახევარი წლის შემდეგ, ლუიშმა „ოქროს ბურთი“ მოიგო – „ბარსელონაში“ დიადი ევროგაზაფხულისთვის („ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მეორე მატჩში მისმა გოლმა და ორმა პასმა პირველი მატჩის 1:3 შემოატრიალა და „ბარსა“ ნახევარფინალში გაიყვანა, სულ კი ლუიშს ტურნირის საგაზაფხულო ნაწილში ექვსი მატჩში რვა შედეგიანი მოქმედება ჰქონდა); ევრო 2000-სთვის, სადაც ფიგუ გუნდის ლიდერი იყო პირველი მატჩიდან (ინგლისელთა კარში შორეული დარტყმით გატანილმა გოლმა პორტუგალია მატჩში დააბრუნა) მეოთხედფინალამდე (ორი პასი ნუნუ გომეშზე); „რეალში“ სწრაფი ადაპტაციისთვის. ფიგუ თითქოს საერთოდ არ ჰქონდა ზეწოლა რთული ტრანსფერისგან და პირველივე სეზონში უხვად არიგებდა საგოლე გადაცემებს („რეალში“ პირველ სრულ სეზონში მან პრიმერასა და ჩემპიონთა ლიგაზე 27 შედეგიანი პასი მიითვალა).
ხმის მიცემაში ფიგუმ გაუსწრო ევროპის ჩემპიონ ზინედინ ზიდანს და ბოლო 35 წელიწადში პირველი პორტუგალიელი გახდა, ვინც „ოქროს ბურთი“ მოიგო.

მომავალმა კარიერამ შესაძლებლობა მისცა დარწუნებულიყო იმაში, რომ საკუთარი თავისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ფიგუმ „რეალში“ ისევე ხუთი წელი გაატარა, როგორც „ბარსელონაში“, ითამაშა თითქმის იგივე რაოდენობის მატჩი (245 248-ის წინააღმდეგ), ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი (როგორც „ბარსელონაში“); ჯამში დააგროვა ასევე შვიდი ტიტული, მაგრამ მთავარი განსხვავებაა: ამ ტიტულების შორის იყო ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება.

ინდივიდუალურად მან ასევე მოუმატა – ოდნავ უფრო მეტი გაჰქონდა (56 გოლი 45-ის წინააღმდეგ) და გაცილებით მეტ საგოლე გადაცემას ასრულებდა (75 პასი 46-ის წინააღმდეგ). და კიდევ, ფიგუ გახდა უნიკალური პროექტის ნაწილი. „გალაქტიკოსს“ იხსენებენ როგორც იშვიათ მაგალითს იმისა, რომ ვარსკვლავებით შედგენილი გუნდი კი არ იშლება ზედმეტი ტვირთისა და პასუხისმგებლობის გამო, არამედ დიდ გამარჯვებებს აღწევს.

ფიგუს 60 მილიონ ევროდ შეძენის შემდეგ, ფლორენტინო პერესი ყოველ წელს ყიდულობდა სუპერვარსკვლავს: 2001 წელს – ზიდანი, 2002 წელს – რონალდო, 2003 წელს – ბექჰემი. ფიგუ იმ გუნდის საფუძველი გახდა. და მართალია, მადრიდში უკვე ფეხბურთელისთვის მოწიფულ ასაკში მოხვდა (28 წლის), მეხუთე სეზონის ბოლოსკენაც დიდი გავლენა ჰქონდა შედეგზე. ფიგუ არ იყო ყველაზე კაშკაშა „გალაქტიკოსებს“ შორის, მაგრამ ეფექტური იყო. ამის დამამტკიცებელია „რეალში“ ბოლო სეზონისას ჩემპიონთა ლიგის რვა მატჩში ცხრა შედეგიანი მოქმედება. მაშინ ის უკვე 32 წლის იყო.

„რეალში“ ასეთი კარიერის შემდეგ, ფიგუს არ უნდა ჰქონოდა ხუთი წლის წინანდელი ტრანსფერის გამო სინანულის გრძნობა. ის ექვსჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებდა, მაგრამ მხოლოდ თანხის მხრივ არ დარჩენილა მოგებული.