როგორ ახასიათებდნენ ცნობილი სპეციალისტები ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ მწვრთნელს - რთულ პერიოდში ის ყოველთვის ღირსეულად იქცეოდა #1TVSPORT
როგორ ახასიათებდნენ ცნობილი სპეციალისტები ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ მწვრთნელს - რთულ პერიოდში ის ყოველთვის ღირსეულად იქცეოდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელებმა კახა ჩხეტიანის ნაცვლად გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში ნამუშევარ სტივ კინს ჩააბარეს. 55 წლის შოტლანდიელ მწვრთნელს სხვადასხვა დროს უმუშავია „ბლექბერნ როვერსში“ (მთავარი მწვრთნელი), „ფულემში“, „ქოვენთრიში“ (ასისტენტი), ასევე ლა ლიგის ბინადარ „სოსიედადში“.

ქუთაისელთა ახალი დამრიგებლის აღმოჩენილები არიან „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ფილ ჯონსი და „ლივერპულის“ კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი. სტივ კინს იცნობდნენ ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული მწვრთნელები და მას პერსპექტიულ სპეციალისტად თვლიდნენ.

კრეგ ბრაუნი, შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი: „რამდენიმე ზაფხულის განმავლობაში ბელფასტის სკოლაში ლექციებს ვკითხულობდი და ვარჯიშებსაც ვატარებდი. სტივი ფეხბურთელებთან შესანიშნავ დამოკიდებულებას ავლენდა და არ გამიკვირდება, თუ ძლიერი სპეციალისტი გახდება. 21-ე საუკუნის დასაწყისში ის ერთ-ერთი იყო სამ ყველაზე პერსპექტიულ ინგლისელ მწვრთნელს შორის“.

როი ჰოჯსონი, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი: „სტივი თავისუფალ დროს „ბლექბერნის“ ვარჯიშებს ესწრებოდა, შემდეგ კი ფეხბურთზე საათობით ვსაუბრობდით. ის კარგი მოსწავლე იყო და დარწმუნებული ვარ, ძლიერი სპეციალისტი გახდება“.

ჟოზე მოურინიო, „ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელი: „ვიცოდი, რომ გუნდს ტაქტიკურად კარგად ამზადებდა. კინის გუნდებთან შეხვედრებში სირთულეებს ყოველთვის ვაწყდებოდით. არ გამკვირვებია, როდესაც „ბლექბერნის“ მწვრთნელად დაინიშნა. ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ, წარმატებული კარიერა ექნება“.

სერ ალექს ფერგიუსონი: „„მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის დროს მის გუნდს რამდენჯერმე შევხვდი. რთულ პერიოდში ის ყოველთვის ღირსეულად იქცეოდა. პრესკონფერენციებზე თავს აკონტროლებდა და ზეწოლა მასზე არ მოქმედებდა“.

„ტორპედოს“ მოთამაშეებს ახალ მწვრთნელს ხვალ წარუდგენენ, შემდეგ ის ქართულ მედიას შეხვდება. კინის დებიუტი 20 მაისს, „თელავთან“ შეხვედრაში შედგება.