როდესაც გუნდის ბედი ჯგუფური ეტაპის ბოლო წამებზე წყდება - საქართველოს ნაკრების ისტორიული ეპიზოდები ევრობასკეტებზე #1TVSPORT
როდესაც გუნდის ბედი ჯგუფური ეტაპის ბოლო წამებზე წყდება - საქართველოს ნაკრების ისტორიული ეპიზოდები ევრობასკეტებზე #1TVSPORT

ხვალ, 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის 1/8-ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

ვიდრე ჩვენი კალათბურთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა დაიწყებოდეს, გავიხსენოთ რამდენიმე ეპიზოდი ევრობასკეტებიდან, როდესაც საქართველოს ნაკრების ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

 

ევრობასკეტი 2011

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს ითამაშა. მაშინ ექვსგუნდიანი ჯგუფიდან სამი გადიოდა. „ჯვაროსნებმა“ პირველ ტურში დაამარცხეს ბელგია, შემდეგ – უკრაინა, ხოლო სლოვენიასთან და რუსეთთან წააგეს. ბოლო ტურში სწორედ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როგორც ევრობასკეტი 2025-ზე:

საქართველო ბულგარეთთან მოგების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გადიოდა, წაგების შემთხვევაში კი უნდა დალოდებოდა დღის ბოლო შეხვედრას უკრაინასა და ბელგიას შორის.

ბულგარეთთან 69:79 დავმარცხდაით, უკრაინამ კი ბელგიას სძლია და ჩვენმა გუნდმა პირველივე ევრობასკეტზე გადალახა პირველი ეტაპის ბარიერი.

მეორე ეტაპზეც ჯგუფი იყო, თუმცა საქართველო დამარცხდა ფინეთთან, საბერძნეთსა და მაკედონიასთან.

ევრობასკეტი 2013

ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას გარეშე მოთამაშე გუნდმა ევრობასკეტი პოლონეთთან ეფექტური გამარჯვებით გახსნა – 84:67. თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო ერთადერთი მოგება 2013 წლის ევროპაზე.

საქართველოს ნაკრების ბედი ბოლოსწინა ტურში გადაწყდა, როდესაც ჩვენი გუნდი ჩეხეთთან დამარცხდა.

ევრობასკეტი 2015

ამ ჩემპიონატის წინ ფორმატი შეიცვალა. მას მერე ექვსგუნდიანი ჯგუფიდან ოთხი გადის და ბრძოლა არა ჯგუფით გრძელდება, არამედ მერვედფინალით.

საქართველომ ნიდერლანდებთან მოულოდნელი წაგებით დაიწყო. ამას მოჰყვა მარცხი სლოვენიასა და საბერძნეთთან.

ბოლოსწინა ტურში „ჯვაროსნებმა“ თავისი სახე აჩვენეს – 90:75 ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

მეხუთე ტურის მესამე მატჩი ხორვატია-საქართველო იყო. ხორვატები ჩემპიონატის მასპინძლები გახლდნენ, თუმცა გუნდების ბედი მატჩის დაწყებამდე გადაწყვეტილი იყო. ხორვატებმა მანამდე გაინაღდეს პლეი ოფის საგზური, საქართველოს ნაკრებს გასვლა კი საბერძნეთი-ნიდერლანდების მატჩის შედეგმა გაარკვია – ელინებმა მოიგეს, საქართველომ ნიდერლანდებს გადაასწრო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ჯგუფში მაკედონია და ნიდერლანდები ჩარჩნენ.

ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს მიზნის მისაღწევად ერთი მოგებაც ეყოფოდა, თუმცა ბოლო ტურში მასპინძელ ხორვატიასთან მაღალი დონის კალათბურთი ითამაშა და 71:58 მოიგო.

მერვედფინალი საფრანგეთის ქალაქ ლილში ჩატარდა, კალათბურთის გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება მატჩი ლიეტუვასთან, 81:85…

 

ევრობასკეტი 2017

მესამედ, როდესაც ჩვენი ჯგუფიდან გასვლა სხვაზე იყო დამოკიდებული, უკვე აღარ გაგვიმართლა: საქართველომ ლიეტუვასა და ისრაელს სძლია. ბოლო ტურში მერვედფინალის საგზურის მოსაპოვებლად იტალიის დამარცხება იყო საჭირო, მაგრამ არ გამოვიდა.

რჩებოდა ერთი შანსი: ისრაელს, რომელიც ჯგუფიდან ისედაც გასული იყო, უკრაინასთან მოეგო, თუმცა არ აღმოაჩნდა ძალა ბოლომდე გასამკლავებლად და ჯგუფიდან გავიდნენ ლიეტუვა, გერმანია, იტალია და უკრაინა.

ევრობასკეტი 2022

თბილისური ევრობასკეტის წინ ტრავმა მიიღო თორნიკე შენგელიამ, მწვრთნელმა ფორსმაჟორულ სიტუაციაში გადაწყობა ვერ მოახერხა. ამის მიუხედავად, გუნდი ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს: მოიგო თურქეთთან, დათმო ბულგარეთთან, ბელგიასთან, ესპანეთთან და დასკვნით ტურში მონტენეგრის ძლევით პლეი ოფში გადიოდა, თუმცა, 2013 წლის ევრობასკეტის მსგავსად, შეჯიბრება ერთი მოგებით დაასრულა.

ევრობასკეტი 2025

2011-ში ბოლო ტურში საქართველოს ბულგარეთისთვის უნდა მოეგო, 2017-ში – იტალიისთვის, ხოლო 2025-ში – ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის. ამ მატჩებში გამარჯვება მომდევნო ეტაპის საგზურს იძლეოდა, თუმცა სამივე შემთხვევაში დავმარცხდით.

…მაგრამ სამივე ევრობასკეტზე ბოლო მატჩმა გადაწყვიტა საქართველოს ნაკრების ბედი, 2017-ში – უარყოფითად, 2011 და 2025-ში – დადებითად.

სიტუაციას მომავლის კუთხიდან შევხედოთ: მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ დაამარცხა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, თავად მერვედფინალში გავიდა, ესპანეთი კი ჯგუფში ჩატოვა. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული ევრობასკეტია – ისტორიაში მეორედ ვითამაშებთ მერვედფინალში.

ჯგუფში „ჯვაროსნების“ სათამაშო ამპლიტუდა მეტად მაღალი იყო: ესპანეთთან დაცვაშიც და შეტევაშიც უმაღლესი დონის კალათბურთი ითამაშეს, ასევე იყო იტალიასთან შეხვედრის პირველ ტაიმში. მშვიდი გამარჯვება მოვიპოვეთ კვიპროსთან, ხოლო საბერძნეთთან მწვრთნელმა ლიდერები არ დატვირთა. ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაც ესპანეთის ხარისხის თამაშს ველოდით, რადგან წილისყრის შემდეგ უმთავრესად ამ თამაშის მოსაგებად ვემზადებოდით. თუმცა ბოსნიელები უკეთ მომზადებულები აღმოჩნდნენ.

ახლა უკვე საფრანგეთია, ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი. საქართველოს კი ფავორიტებთან ბრძოლა ყოველთვის კარგად გამოსდიოდა…