როცა იტალიელები ერთიანები არიან ყველაფერი კარგად გამოდის - ფაბიო კანავაროს მძლავრი მიმართლა იტალიელებს
როცა იტალიელები ერთიანები არიან ყველაფერი კარგად გამოდის - ფაბიო კანავაროს მძლავრი მიმართლა იტალიელებს

იტალია კორონავირუსის გამო კვლავაც მძიმე მდგომარეობაშია. ინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანა მეორეა სიაში ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, სიკვდილიანობის მიხედვით კი პირველ ადგილზე იმყოფება.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა ფაბიო კანავრომ „პლეიერს ტრიბიუნზე“ (The Players Tribune) თანამემამულეებისადმი მიმართვა დაწერა: მან მოუწოდა იტალიელებს, იყვნენ ერთი გუნდი ავადმყოფობასთან ბრძოლაში.

* * *

„ყველა იტალიელს.

ძალიან განვიცდი და მტკივა ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. არ მყოფნის სიტყვები აღვწერო, თუ რა მძიმე სანახავია იტალია, რომელიც ავადმყოფობისგან იტანჯება, როგორი მძიმე ამდენი ადამიანის სიკვდილის ხილვა. ვუთანაგრძნობ ყველას, ვისაც შეეხო ეს კოშმარი, განსაკუთრებით მათ, ვინც ახლობლები დაკარგეს.

და აპლოდისმენტები მათ, ვინც ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს, ვინც 24 საათი შრომობს სხვების გადასარჩენად. თქვენ – ნამდვილი გმირები ხართ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

სამწუხაროდ, ჩვენს შორის არ არიან სუპერგმირები. არავინ არის დაცული ამ ვირუსისგან. როცა ჩინეთში ეპიდემია დაიწყო, ვფიქრობდი, რომ იტალია წესრიგში იქნებოდა. ვფიქრობდი, რომ ეს ჩვენ არ შეგვეხებოდა.

მე მათ შორის ვიყავი, ვინც რეალურად არ შეაფასა მოსალოდნელი საფრთხე. გვეგონა, რომ ეს უბრალო გრიპი იყო.

თურმე როგორ ვცდებოდი.

მაგრამ, ყოველ შემთხევაში, ჩვენ ჩავკეტეთ საზღვრები და ვაიძულეთ ადამიანებს შინ დარჩენა. ჩინეთში კარანტინი უფრო ადრე დაიწყო. იქ ადრეც იყო სახიფათო დაავადება – SARS („მეწამული სიკვდილი”), ამიტომაც იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. იტალიაში მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა.

დღეს ჩვენ ვაწამოებთ ბრძოლას. უნდა გავერთიანდეთ, რათა მტერი დავამარცხოთ. უკეთესები უნდა გავხდეთ, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ.

იტალია ძალიან ლამაზი ქვეყანაა. გვაქვს შესანიშნავი ზღვა და მიწა. კლიმატი საშუალებას გაძლევს მთელი წელი სუფთა ჰაერზე გაატარო. ჩვენ განთქმული ვართ მოდით, ყველამ იცის როგორი შესანიშნავი სამზარეულო გვაქვს. მიჩვეული ვართ, რომ ყველაფერი კარგადაა. იტალიაში ცხოვრება იმდენად მშვენიერია, რომ ხანდახან ძალიან მოვდუნდებით ხოლმე. ვფიქრობთ მხოლოდ საკუთარ თავზე და არ ვფიქრობთ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საბედნიეროდ, არსებობს მომენტები, როცა სიამაყით ვიხსენებთ, რომ ერთიანი ერი ვართ. ხშირად, ეს გვახსენდება ყველაზე რთულ დროს. როცა ლაპარაკია რაღაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანზე.

ასეთი რამ ბევრჯერ მინახავს. ყველაზე ნათელი მაგალითია – როცა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს უადგილო მაგალითია – ახლა სპორტის დრო არ არის. მაგრამ იტალიაში ფეხბურთელი სპორტზე მეტია. როცა ნაკრები თამაშობს, ყველა და ყველაფერი ფეხბურთის ნაწილი ხდება. ფეხბურთი აერთიანებს იტალიელებს.

და როცა იტალიელები ერთიანები არიან, როგორც წესი, ყველაფერი კარგად გამოდის.

მახსენდება მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატი, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვეთ. რვა წლის ვიყავი, ნეაპოლში ვცხოვრობდი, მატჩებს შინ ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად ვუყურებდი. მახსოვს, როგორ ვზეიმობდით თითოეულ გოლს, როგორ ვეხვეოდით ერთმანეთს, თუმცა, შესაძლოა, ამ დროს ზოგიერთს არც კი ვიცნობდით.

როცა ნაკრების კაპიტანი გავხდი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე იგივე დავინახე მოთამაშეებს შორის. ტურნირის დაწყების წინ, კალჩოპოლის სკანდალი ატყდა, სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო. ბევრს ეგონა, რომ არაფერიგამოგვივიდოდა.

მაგრამ გუნდში ყოველთვის კარგი ატმოსფერო იყო და ეს – ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთ რთულ მომენტში ჩვენ არ შეგვეძლო ეგოისტები ვყოფილიყავით. და კიდევ, ჩვენ გვყავდა ბრწყინვალე ლიდერი – მარჩელო ლიპი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანზე ზრუნავდა და მოტივაციას გვაძლევდა. გერმანიაში ჩასვლისთანავე დავივიწყეთ სკანდალი და მოუთმენლად ველოდით მინდორზე გასვლას.

ხშირად მეკითხვებიან, რატომ მოიგო ის ჩემპიონატი იტალიამ. არა იმიტომ, რომ ჩვენ გაგვიმართლა. ჩვენ მოვიგეთ, რადგან ყველაზე ძლიერი გუნდი ვიყავით და წარმატების გვჯეროდა.

დღეს იტალიას იგივე განწყობა სჭირდება. მე უკვე ვიხილე სოლიდარობის შესანიშნავი გამოხატულებები. „ყველაფერი კარგად იქნება” – ფრაზა, რომელიც ამაღლებს იმათ განწყობას, ვინც სახლში იმყოფება, ვინც სხვებს უნდა დაეხმაროს, ვისაც ეშინია, ვისაც მარტოსულად მიაჩნია საკუთარი თავი. ხალხი აივნებზე გამოვიდა, რათა ტაში დაეკრა მედიკოსებისთვის. მეზობლები ერთად მღეროდნენ. ეს ერთიანობაა, რომელიც გვჭირდება.

როცა ყველაფერი დამთავრდება, იტალია სხვანაირი გახდება. ბევრი დაკარგავს სამუშაოს. ბევრს ჩაუვარდება ბიზნესი. საჭირო იქნება ძალიან ბევრი მუშაობა. იმედია, მალე გაჩნდება ვაქცინა და წერტილს დაუსვამს მთელს ამ ისტორიას.

მანამდე კი მოთმინება გვჭირდება. მოდით, დავრჩეთ სახლში, დავტკბეთ ოჯახთან გატარებული დროით და შევზღუდოთ კონტაქტი სხვა ადამიანებთან.

მოდით ვცადოთ იმის გაკეთება, რაც ჩვენს ძალებშია, საერთო კეთილდღეობისთვის. ჩვენ, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონებმა დავიწყეთ სახსრების შეგროვება იტალიის წითელი ჯვრისთვის. ეს ფული დაეხმარება ყველა საჭირო ნივთით საავადმყოფოების მომარაგებას. იმედია, ჩვენთან ერთად თქვენც შემოიტანთ შემოწირულობას. უბრალოდ, ყურადღება გამოიჩინეთ მეზობლების მიმართ. თქვენ გუნდი უნდა გახდეთ ამ ბრძოლაში. ჩვენ ყველას დახმარება გვჭირდება.

არავინ არის სუპერგმირი, ეს მართალია.

მაგრამ, როცა ერთად ვართ, ყველაფერი შეგვიძლია.

იტალეიელებო, მოდით გავერთიანდეთ.

თქვენი ფაბიო“.