რობერტო მარტინესი - ლუკაკუ „მანჩესტერიდან“ უნდა წავიდეს
რობერტო მარტინესი - ლუკაკუ „მანჩესტერიდან“ უნდა წავიდეს

ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რობერტო მარტინესის აზრით, რომელუ ლუკაკუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ უნდა დატოვოს და მისთვის შესაფერისი სხვა კლუბი იპოვოს. 26 წლის ლუკაკუ „იუნაიტედში“ „ევერტონიდან“ 2017 წელს გადავიდა და მერსისაიდელებმა მასში 95 მილიონი ევრო მიიღეს. მას შემდეგ, ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა „წითელი ეშმაკების“ მაისურით 96 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა.

მიუხედავად ამისა, ბოლო დროს ის მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის გეგმებიდან ამოვარდა და დიდი ალბათობით, გუნდს ძალიან მალე დატოვებს.

„ახლა მნიშვნელოვანია, რომელუმ თავისთვის შესაფერისი გუნდი იპოვოს“, – უთხრა მარტინესმა ბელგიურ გაზეთ „ჰეტ ლაატსტე ნიუსს“, – „ასე უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის. ეჭვი არ არის, რომ ის მანჩესტერიდან უნდა წავიდეს“.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაკუთი მილანის „ინტერია“ დაინტერესებული და შესაძლოა მომდევნო სეზონზე ბელგიელი სწორედ ამ იტალიურ გუნდში ვიხილოთ.

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ მისი კონტრაქტი 2022 წლამდეა ძალაში.