ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი იტალიის თასის ფინალში „ნაპოლის“ გასვლას გამოეხმაურა. საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში ნეაპოლელებმა „ინტერთან“ ფრედ, 1:1 ითამაშეს და იმის გამო, რომ პირველი მატჩი 1:0 ჰქონდათ მოგებული, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებულები გამოვიდნენ.
„ეს საოცარი, ფანტასტიკური შეხვედრა იყო. საინტერესო იყო მერტენსის ხილვა რომელუ ლუკაკუს წინააღმდეგ. მერტენსი სწორად მოიქცა, „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს რომ მოაწერა ხელი, მიუხედავად წინადადებებისა ისეთი გუნდებისგან, როგორებიც არიან „ინტერი“, „ჩელსი“ „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. საფეხბურთო სამყაროში დღეს ფეხბურთელების მხრიდან ერთი კლუბისადმი ერთგულება იშვიათი მოვლენაა და ვფიქრობ, დრისს „ნაპოლის“ ისტორიაში შესვლა სურდა. მან დაამტკიცა თავისი სიყვარული „ნაპოლის“ მიმართ. ის ახლა კარიერის მწვერვალზე იმყოფება და თითქმის ღმერთად ითვლება ნეაპოლში“, – განაცხადა მარტინესმა „ფუტბოლ იტალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
დრის მერტენსი ნაპოლიში 2013 წელს „პსვ ეინდჰოვენიდან“ გადავიდა.