რობერტო მანჩინი – იტალიის ნაკრების ყველას ეშინია #1TVSPORT

08:48, 30.07.2026

იტალიის ნაკრებში მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ რობერტო მანჩინიმ პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან შეხვედრა 61 წლის სპეციალისტმა სამი წლის წინანდელი ამბების გახსენებით დაიწყო, როცა მან ეროვნული გუნდი დატოვა და საუდის არაბეთის ნაკრებში წავიდა სამუშაოდ.

„მინდა, განვმარტო, რა მოხდა სამი წლის წინ. შეიქმნა პრობლემა კომუნიკაციაში ჩემსა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტს, გრავინას შორის. ჩვენ რომ ადრე დავლაპარაკებოდით ერთმანეთს, შესაძლოა, ეს პრობლემა გადაჭრილიყო. ჩემთვის ეროვნული გუნდი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მისი დაკარგვა მთელი ცხოვრების სიყვარულის დაკარგვასავით გახლდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ შეცდომა დავუშვი და იმას, რაც მანამდე გავაკეთე, აზრი აღარ ჰქონდა. ახალი პრეზიდენტის, ჯოვანი მალაგოს წყალობით, კიდევ ერთი შანსი მივიღე, და მე აქ ვარ, რათა იტალია დავაბრუნო იქ, სადაც ვალდებულია, იყოს.

მინდა, მოვიგო ნაკრებთან ერთად დიდი ტიტული, შესაძლოა, ორი. შემდეგ, თუ ეს შესაძლებელი იქნება, დავრჩე გუნდში იმაზე მეტხანს, ვიდრე ეს ჩემი კონტრაქტით არის გათვალისწინებული.

ჩემი პირველი შეხვედრა გულშემატკივრებთან? შევეცდები გუნდმა იმდენად კარგად ითამაშოს, რომ გულშემატკივრებმა მაპატიონ“.

 

რობერტო მანჩინიმ ილაპარაკა იმის შესახებ, როგორ აღიქვამენ იტალიის ნაკრებს საფეხბურთო სამყაროში, და ხშირად ეს აღქმა მცდარი ხასიათისაა.

„როცა პირველად მივედი ნაკრებში, იტალია მეშვიდე ან მერვე გუნდი ეგონათ ევროპაში. ჩვენ კი წაუგებელი მატჩების რეკორდი დავამყარეთ, რომელიც, სამწუხაროდ, ესპანეთმა წაგვართვა.

ერთს ვიტყვი: როცა იტალია ახერხებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას, მისი ყველას ეშინია. და მაშინაც კი, როცა ის ფავორიტებს შორის არ არის, მასთან შეხვედრა არავის სურს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ასეთი იტალია“.

 

მანჩინიმ გააჟღერა ეროვნული გუნდის მიზნები დიდ ტურნირებზე:

„ერთა ლიგის A დივიზიონის ჯგუფები უძლიერესი ნაკრებებისგან შედგება, მათ შორის ჩვენი გუნდიც შედის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები იქნება და ჩვენ თავიდანვე შევძლებთ, შევაფასოთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. ეს ძალიან რთული ჯგუფი იქნება ჩვენთვის, მაგრამ ასევე სხვა გუნდებისთვისაც.

მიზანი გუნდის სწრაფად აშენებაა, კარგად გამოსვლა ერთა ლიგაზე და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ამის შემდეგ მოხდება კონცენტრაცია მსოფლიო ჩემპიონატზე“.

იტალია ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში A ლიგის პირველ ჯგუფში ითამაშებს საფრანგეთის, ბელგიისა და თურქეთის წინააღმდეგ. „სკუადრა აძურა“ პირველ შეხვედრას 25 სექტემბერს შინ, რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.

 

იტალიელთა ახალმა დამრიგებელმა მომავალი შემადგენლობის კონტურებზეც ილაპარაკა და ახალი მოთამაშეების ნატურალიზება არ გამორიცხა.

„ვფიქრობ, გვყავს რამდენიმე კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი. მათ ნდობა უნდა გამოვუცხადოთ და თამაშის საშუალება მივცეთ. რაც შეეხება შეტევას, იმედია, მეყოლებიან ფეხბურთელები, რომლებიც იმდენს გაიტანენ, რამდენიც იმობილემ გაიტანა. თავის დროზე მოიზე კინს დებიუტის საშუალება მივეცი, მე მას კარგად ვიცნობ. არ გვაქვს ცუდი პოზიცია შეტევაში, თუნდაც ფლანგის მოთამაშეების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ ვიპოვნით ნიჭიერ მოთამაშეს, რომლის ნატურალიზებაც შესაძლებელი იქნება, ჩვენ განვიხილავთ ამას. ასე იქცევა დღეს ყველა ეროვნული ნაკრები“.

მსგავსი